იციკ მოშე სამუშაო ვიზებზე - ისრაელის მხრიდან საკითხზე იყო თანხმობა, თუმცა მას მსვლელობა აღარ მიეცა | Allnews.Ge

იციკ მოშე სამუშაო ვიზებზე - ისრაელის მხრიდან საკითხზე იყო თანხმობა, თუმცა მას მსვლელობა აღარ მიეცა

ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების საკითხი სავარაუდოდ, 2019 წელს გადაწყდება, მანამდე მისი დეტალები შესაბამის უწყებებთანაა გასარკვევი. საკითხზე, თუ რა პრობლემების გადააჭრაა აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ, Allnews.ge "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელს, იციკ მოშეს ესაუბრა.

"ჯერ კიდევ 2 წლის წინ ვთქვი, რომ უნდა დამდგარიყო ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა არაკანონიერად დასაქმების პრობლემა ვერ აღმოიფხვრებოდა. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობებზე მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება. ორი წლის წინათ, არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, გამოვედი ინიციატივით, 100 დღით შეჩერებულიყო უვიზო მიმოსვლა და ამ დროის განმავლობაში საკითხზე ემუშავა სპეციალურ კომისიას. ისრაელში საქართველოს მოქალაქეების კანონიერად დასაქმების საკითხზე ორჯერ ჩამოვიყვანე ოფიციალური დელეგაცია ისრაელიდან, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ქნესეთის, მთავრობისა და პროფკავსირების წარმომადგენლები. ისრაელის მხრიდან საკითხზე იყო თანხმობა, თუმცა მას მსვლელობა აღარ მიეცა. ჩვენ შეგვიძლია ცხენი წყალთან მივიყვანოთ, დალევს თუ არა, ეს მისი საქმეა. რა თქმა უნდა, მთავრობებს ვერ დავავალდებულებთ, თუმცა რეალობა საკმაოდ მწარეა და ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, გარკვეული პირები და ორგანიზაციები მღვრიე წყალში თევზს იოლად იჭერენ - მათ დიდი თანხის სანაცვლოდ უკანონოდ შეჰყავთ საქართველოს მოქალაქეები და ასევე უკანონოდ ასაქმებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ასეთი მოქალაქე იხდის უზარმაზარ თანხას და თან თანამონაწილე ხდება უკანონობის. ამასთან, ქვეყნიდან გაედინება ათეულობით მილიონი დოლარი, რომელიც არ შედის არც საქართველოს და არც ისრაელის ბიუჯეტში.

სავიზო მიმოსვლის 100 დღით შეჩერებით და საკითხზე საფუძვლიანად მუშაობით ქართული მხარისგან ისრაელი მიიღებდა სერიოზულ მესიჯს, მათ შორის იმ უკანონო მიგრანტების უკან დაბრუნებაზე, რასაც ისრაელი ითხოვს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა გულისხმობდა აგრეთვე, სამუშაო კვოტების საკითხის დასმასაც, რაზეც ისრაელის მხრიდან, ფაქტობრივად, არის თანხმობა, ოღონდ არალეგალ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვის შემცირების ხარჯზე. ჩვენ თავდაპირველად რომ მიგვეღო თუნდაც 50 ან 100 ადამიანის დასაქმების კვოტა, ეს უკვე იქნებოდა კარგი პრეცედენტი, რომ შემდეგში ის 1000-5000-მდე გაზრდილიყო. ისრაელში საქართველოს მოქალაქის ლეგალურად დასაქმებით ქვეყანა მიიღებდა მაღალ შემოსავლიან, ისრაელის გამოცდილებას ნაზიარებ და ისრაელისადმი კეთილგანწყობილ მოქალაქეს.

სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვადასხვა ოფიციალურ უწყებებს არ უყვართ ხოლმე რჩევების მიღება და ამიტომ ჩვენი ეს ინიციატივა დაიბლოკა. ამის მიუხედავად, ჩვენ საკითხზე მუშაობა არ შეგვიწყვეტია და დღესაც მზად ვართ, რეალობიდან გამომდინარე მივუთითოთ საჭირო და აუცილებელ ნაბიჯებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ გაყიდოს ბინა იმისათვის, რომ ისრაელში დასაქმდეს. პირიქით, ჩვენი სურვილია ის ისრაელში კანონიერად ჩავიდეს, იმუშაოს ღირსეულად და ქვეყანას დაუბრუნდეს როგორც ისრაელის მეგობარი. ჩვენ არ ვემალებით პრობლემას, პირიქით, ყოველ ოფიციალურ შეხვედრაზე ვთხოვთ მხარეებს, წამოიწიოს ეს საკითხი. ვარ მომხრე, პრობლემას სახელი დაერქვას და მოგვარებაზე ვიმუშავოთ გაბედულად. ვინაიდან ოფიციალურად ითქვა, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო კვოტების საკითხი სავარაუდოდ, 2019 წელს გადაწყდება, მისი დეტალები ოფიციალურ უწყებებთანაა გასარკვევი. ფაქტია, მოქალაქეთა ერთი ნაწილი შედის ისრაელში, ნაწილი კი ამას ვერ ახერხებს. მიზეზები ქართულმა მხარემ უნდა შეისწავლოს", - განაცხადა იციკ მოშემ.

იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის სამუშაოს შესრულებას შეძლებლდნენ საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ოფიციალურად დასაქმების შემთხვევაში, "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელს ვკითხეთ, რა პროფესიის მუშახელის დეფიციტია ისრაელში.

"ისრაელს, როგორც წესი, აქვს მუშახელის საჭიროება მშენებლობაზე, მომსახურების სფეროში, ოჯახებში დამხმარის პოზიციაზე, თუმცა მოთხოვნებია აგრეთვე ისეთ სფეროში, როგორიც მაღალი ტექნოლოგიებია"- განმარტა იციკ მოშემ.

კითხვაზე, საქართველოს რამდენი მოქალაქის ლეგალურად დასაქმებას შეძლებს ისრაელი, მოშემ განმარტა, რომ მთავარია, საქართველომ მიიღოს პირველი კვოტა. თავდაპირველად, რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა ეს იქნება წინაპირობა, რომ კვოტები მომავალში გაიზრდება.

ისრაელის სახლის ხელმძღვანელის ინფორმაციით, არსებობს სხვადასხვა მონაცემი, თუმცა სავარაუდოდ, დღეს ისრაელში არალეგალურად 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.

"ათასამდეა. ისრაელის მხარეს აქვს ათასი მიზეზი, უარი თქვას დასაქმებაზე, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მივაღწიოთ კვოტების გამოყოფას",- განმარტა იციკ მოშემ.

myquiz