რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება, შესაძლოა, გაიზარდოს | Allnews.Ge

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება, შესაძლოა, გაიზარდოს

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება, შესაძლოა, გაიზრდოს. როგორც კომპანია "ინტერ ტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ Allnews.ge-ის განუმარტა, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის.

"პირველ ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც ესწრებოდა "ინტერ ტრანსის" დამფუძნებელი, ასევე კომპანია "ინტერ ტრანსის" დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, სადაც გაჟღერდა ფასის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებული საკითხი", - განაცხადა სოფო ცერცვაძემ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდება, მოხდება თუ არა მგზავრობის ღირებულების გაზრდა. მგზავრობის ღირებულება, შესაძლოა, 1,50 ლარის ნაცვლად 2 ლარი გახდეს.

"თვითმართველობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი ამ სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენც ვიქნებით ამ ჯგუფში, რა თქმა უნდა, ჩართულები და ერთობლივად მოხდება შეთანხმება გაიზრდება თუ არა მგზავრობის ღირებულება",- განმარტა სოფო ცერცვაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე კომპანია "ინტერ ტრანსის" ხელმძღვანელობამ წარადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ რუსთავიდან დედაქალაქში ერთი ადამიანის გადაყვანა 2,13 ლარი ჯდება, კომპანია კი მომსახურებას 1,50 ლარად ახორციელებს.

"ფასის სავარაუდო ზრდა ასევე განპირობებულია იმით, რომ მოიმატა საწვავის ფასმა, საწვავ-საპოხი მასალების ფასმა და ზოგადად კონპანიას აქვს ფინანსური კრიზისი",- თქვა სოფო ცერცვაძემ.

Allnews.ge მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას პოზიციით დაინტერესდა, რომელმაც განაცხადა, რომ იქამდე სანამ კომპანია პრობლემებს არ აღმოფხვრის, ფასის მატებასთან დაკავშირებით საუბარიც კი არ შეიძლება რომ იყოს.

"საუბარი ვერ შედგება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამის კატეგორიული წინააღმდეგები ვიქნებით, რა თქმა უნდა. რაღაცა რაღაცას უნდა ემსახურებოდეს. რაღაც საკითხში ერთი მხარე თუ დათმობაზე მიდის, ეს უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობას და მგზავრთა გადაყვანას. ეს პოლიტიკა და ეს სტრატეგია და ეს პირობები უნდა გაიწეროს მკაცრად და გარანტირებულად უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში ეს არასერიოზული იქნება. ტარიფების ზრდა რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს" - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ და აქვე განმარტა, რომ ფასის მატებასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულ თანხაზე საუბარი წინასწარ არალოგიკურია, რადგან კომპანიის მიერ შეთავაზებული ტარიფი შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს იმ ფასისგან, რომელიც შეიძლება შეთანხმების პირობებში დაიდოს.

რუსთავის მერმა Allnews.ge-სთან საუბრისას კიდევ ერთი სიახლე გააჟღერა და თქვა, რომ აუცილებელია მგზავრებისთვის ალტერნატიული ტრანსპორტის, ამ შემთხვევაში ავტობუსის მომსახურების შეთავაზება, რომელიც მგზავრებს განსხვავებული ტარიფით მოემსახურება და განსხვავებული მარშრუტით ივლის, თუმცა როგორც მერმა თქვა ავტობუსი მხოლოდ ერთ მარშუტზე იმოძრავებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ინტერ ტრანსის" მომსახურებით უკმაყოფილო მგზავრებმა ჯერ კიდევ 24 ივლისს manifest.ge-ზე პეტიცია დაარეგისტრირეს. პეტიციას ამ დროისთვის 431 ხელმომწერი ჰყავს და იქ კომპანიის მიმართ კონკრეტული მოთხოვნებია გაწერილი. პრობლემების შორის დასახელებული იყო სამარშრუტო ტაქსში დამატებითი სავარძლების არსებობა და მიკროავტობუსების მოძრაობის ინტერვალები.

"ინტერ ტრანსის" წარმომადგენლის სოფო ცერცვაძის თქმით, კომპანია პეტიციის ავტორების მოთხოვნებს ყურადღებით გაეცნენ და პრობლემების აღმოფხვრაზე ყოველდღიურად მუშაობენ.

"რა თქმა უნდა, პეტიციას გავეცანით და რამდენიმე ვალდებულების შეუსრულებლობაზეა აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ამ პრობლემის შესახებ ვართ ინფორმირებულები და ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პრობლემებზე მუშაობა და მათი მოგვარება. და შევეცდებით, რომ უმოკლეს ვადებში იყოს აღმოფხვრილი ის პრობლემები, რომლებიც პეტიციის ავტორებს ჰქონდათ",- აღნიშნა სოფო ცერცვაძემ.

კომპანია "ინტერ ტრანსმა" გამოცხადებულ კონკურსში 2014 წელს გაიმარჯვა და მას მგზავრთა გადაყვანაზე 10-წლიანი ნებართვა აქვს მიღებული.

myquiz