"გოგო ხარ თუ ბიჭი?!" - ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო | Allnews.Ge

"გოგო ხარ თუ ბიჭი?!" - ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში ბულინგის შესაძლო ფაქტს შიდა აუდიტი სწავლობს, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყება აღნიშნავს, რომ სკოლებში ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

"ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, სკოლებში არაერთი ფართომასშტაბიანი კამპანია მიმდინარეობს. სამინისტროს მიზანია, როგორც ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, ასევე მისი პრევენცია.

სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა, ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწვლეზე განხორცილებული შესაძლო ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით, მოკვლევა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, რომ მისი შვილის მიმართ სკოლის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ნებისმიერი სახის ძალადობას, სამინისტროს მხრიდან რეაგირება უმკაცრესი იქნება," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბავშვზე ძალადობის შესახებ პოსტი "ფეისბუქზე" გუშინ გავრცელდა. მერვეკლასელი მაქსიმეს დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ მასწავლებელმა "თმის ვარცხნილობის გამო მაქსიმეს გენდერი ეჭვქვეშ დააყენა" და ჯგუფს მიმართა გასარკვევად, ის ბიჭი იყო თუ გოგო.

"არ ვიცნობ ამ მასწავლებელს პირადად, მაგრამ უკვე ვიცი რომ მან შეძლო ჩემს შვილში ზიზღის გრძნობის გაღვიძება!! იმ თაობის მასწავლებლებლებს (მიშა რომ ცასარეცხ თუ ჩარეცხილების თაობას ეძახდა) აზროვნებას კვირაში ასი ტრენინგიც ვერ შეუცვლის ! ესენი შიშით მაინც თუ დააჭერენ ენას კბილს , დანეკროზებული აზროვნება რომ არ გადმოაფრქვიონ !!! ჰოდა სხვას თუ ვერაფერს, იმას მაინც მივაღწევ რომ ეშინოდეთ ჩემი!!" - წერს მაქსიმეს დედა.

myquiz