რა პრინციპით შეირჩევიან 2-დან 7 წლამდე ბავშვები ტყვიის შემცველობის დასადგენად დაწყებულ კვლევაში | Allnews.Ge

რა პრინციპით შეირჩევიან 2-დან 7 წლამდე ბავშვები ტყვიის შემცველობის დასადგენად დაწყებულ კვლევაში

მთელი ქვეყნის მასშტაბით 2-7 წლის ბავშვებში ტყვიის შემცვლელობის დასადგენად კვლევა იწყება. სპეციალისტების თქმით, აქამდე ჩატარებულმა პატარ-პატარა კვლევებმა საქართველოში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა. სრული სურათის მისაღებად მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500 ბავშვის სინჯს აიღებენ.

ტყვიის შემცვლელობის დასადგენი კვლევა, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) დამატებითი გამოკვლევაა. MICS-ის მიზანია საქართველოში ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება.

კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნულ კვლევას "იუნესიფი" მთელ მსოფლიოში ატარებს, ხოლოდ უშუალოდ ტყვიის შემცვლელობის დასადგენი გამოკვლევა რისკ ფაქტორების გამო მხოლოდ საქართველოში დაემატა.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ allnews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, კონკრეტულად ტყვიის შემცვლელობაზე 1500 ბავშვის სინჯის აღება მოხდება.

"ეს მრავალინდიკატორული კვლევაა, რომელსაც "იუნესიფი" მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც ატარებს. კვლევაში 14 ათასი ოჯახი მონაწილეობს, ხოლო კონკრეტულად ტყვიის შემცველობაზე 1500 ბავშვი იქნება გამოკვლეული.

ეს ანალიზები გაიგზავნება იტალიაში, სწორედ ევროპის წამყვან ლაბორატორიაში მოხდება ამ ანალიზების შემოწმება.

ზოგადად, ეს კვლევა ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის. გაზომავნ ბავშვების სიმაღლეს, წონას, ასევე ოჯახებში აიღებენ სასმელი წყლის სინჯს. გარდა ამისა, დამატებით შერჩეულ ოჯახში თუკი იქნება 2-7 წლამდე ბავშვი, რა თქმა უნდა, მშობლისა და ბავშვის თანხმობით ვენურ სისხლს აუღებენ. ეს კვლევა მოგვცემს საშუალებას, რომ დავინახოთ ქვეყნის მასშტაბით ეს საკითხი რამდენად სერიოზულია.

აქამდე პატარ-პატარა კვლევები ტარდებოდა, ანუ ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ რისკები არსებობს, თუმცა საშუალება არ გვქონია, დაგვენახა, რამდენად სერიოზულია ეს პროლემა." - განაცხადა ქურციკიძემ.

მისი თქმით, 2019 წლის იანვარში ანალიზის პასუხები პერსონალურად ოჯახებს მიეწოდებათ. იმ შემთხვევაში, თუ ტყვიის შემცვლელობა დადგინდება, ოჯახებთან კონსულტაციაც იქნება. რაც შეეხება საზოგადოებას, კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულისთვის გახდება ცნობილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალურ-პოლიტიკური პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ ბაუნი allnews.ge-სთან საუბრისას იმ მეთოდოლოგიაზე საუბრობს, რის მიხედვითაც მოხდება ოჯახების შერჩევა.

"ოჯახების შერჩევა ორეტაპიანი მიდგომით მოხდება. პირველ რიგში, მოხდება კლასტერების (თვითმმართველი ორგანოები) ანუ სააღწერო უბნების შერჩევა. შემდეგ ამ სააღწერო უბნებში, შემთხვევით ამორჩევის პრინციპით მოხდება ოჯახის ამორჩევა.

ოჯახების შერჩევა მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება. გადაწყდა, რომ 1500 სინჯი ქვეყნის მასშტაბით სიტუაციის დასადგენად საკმარისი იქნებოდა.

მსოფლიოში ტყვიის მაღალი შემცვლელობა პრობლემად ითვლება. წლების განმავლობაში აშშ-ს ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ტყვიის მაღალი შემცვლელობა იყო. იმისათვის, რომ მოსახლეობაში ტყვიის მაღალი შემცვლელობა შეემცირებინათ, ქვეყანამ მთელი რიგი რეფორმები გაატარა. " - აღნიშნა ბაუნმა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევის დროს შერჩეულ ოჯახში ინტერვიუერი წინასწარ გაფრთხილების გარეშე მიდის, ოჯახის გამოკითხვის შემდეგ, მოხდება სასმელი წყლისა და ბავშვისთვის სინჯის აღება. მისივე თქმით, თუკი ოჯახში 2-3 ბავშვია, სინჯის აღება მხოლოდ ერთი ბავშვისთვის მოხდება, რადგან თუ ერთ ბავშვს ტყვიის მაღალი შემცვლეობა აღმოაჩნდა, ალბათობა იმისა რომ დანარჩენებსაც ჰქონდეს, დიდია.

myquiz