5 სიახლე, რომელიც თბილისში სატრანსპორტო სფეროშია მოსალოდნელი | Allnews.Ge

5 სიახლე, რომელიც თბილისში სატრანსპორტო სფეროშია მოსალოდნელი

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა რამდენიმე სიახლეზე გაამახვილა ყურადღება. Allnews.ge გთავაზობთ მათ მოკლედ.

მიწისქვეშა პარკინგი

როგორც სხდომის დაწყებისას კახა კალაძემ განაცხადა, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგს კომპანია "იქს 2" გააკეთებს.

"ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, თუმცა პირველ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვა უარყოფითი შედეგით დასრულდა და თავიდან იქნა გამოცხადებული. ინფორმაციის სახით მინდა მოგაწოდოთ, რომ ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე არის ინტერესი, ეს არის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია. კომპანია "იქს 2" არის დაინტერესებული, აქვს ინტერესი ამ პროექტის განხორციელების და ჩვენ ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას. მას აქვს ვალდებულება, 5 თვის განმავლობაში დეტალური ტექნიკური კვლევა ჩაატაროს ამ კონკრეტულ ლოკაციაზე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ასეთი პროექტის განხორციელება და ქალაქში მიწისქვეშა პარკინგების არსებობა მნიშვნელოვანია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კომპანიას ხელი შევუწყოთ პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა კალაძემ.

რეკლამა ტაქსზე

ტაქსების ერთიანი ვიზუალისა და ავტომანქანაზე სარეკლამო ბანერების შესახებ ერთიანი სტანდარტი მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრისთვის დამტკიცდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამატებითი ფინანსური სარგებელი.

"ტაქსების რეფორმის ფარგლებში თბილისის მერია მუშაობს ტაქსის ერთიან ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც ამოქმედდება 2019 წლის ოქტომბრიდან და სავალდებულო იქნება. თუმცა 1-ელი ნოემბრისთვის ეს სტანდარტი ცნობილი იქნება და ეცოდინება ლიცენზიის მქონე ყველა ადამიანს, ვისაც უნდა ტაქსის სერვისი გასწიოს.

აღნიშნული სტანდარტი გაითვალისწინებს ტაქსის ერთიან დიზაინში რეკლამის განთავსების ადგილს, რომელიც მძღოლებს შეუქმნის დამატებით შემოსავალს. ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ავტომობილზე გამოყოფილი სარეკლამო ადგილით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მიიღონ დამატებითი ფინანსური სარგებელი. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის განსაზღვრა და იმ მძღოლებს, ვისაც ექნება ტაქსის ლიცენზია, საშუალება ექნება დამატებითი შემოსავალი მიიღონ",- განაცხადა კალაძემ.

მუნიციპალური პარკირების ადგილები

თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, მუნიციპალური პარკირების ადგილების ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდოს.

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" კანონდამრღვევების დაჯარიმება დაიწყო, თუმცა, ვინაიდან ჯარიმის ოდენობა დაბალია, მუნიციპალური პარკინგის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევები გრძელდება.

"ქალაქში, სამწუხაროდ, არის ქუჩები, სადაც მუნიციპალური პარკირების ადგილები დაკავებული აქვთ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის. ეს არის მისაბმელიანი ავტომობილები, ხშირ შემთხვევაში, გახსნილი აქვთ ტურისტული ბიუროები, ვიზების მომსახურება; არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები შევსებულია გასაქირავებელი ავტომანქანებითა და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, მუნიციპალური პარკინგით ისარგებლონ. ჩემი დავალება იყო, რომ განგვეხორციელებინა დაჯარიმება, რაც სატრანსპორტო კომპანიას დაევალა. რა თქმა უნდა, გამოიწერა ჯარიმები, თუმცა, როგორც ჩანს, ჯარიმის ოდენობა ძალიან დაბალია - 10 ლარი და ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით, თუმცა ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ლოკაცია, სადაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია. არავის აქვს უფლება, ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს, ავტომობილის გაჩერება შეუზღუდონ. შესაბამისად, მინდა ირაკლი ხმალაძეს დავავალო, დაიწყეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომ მოხდეს ჯარიმის ოდენობის გაზრდა, გამკაცრება, რათა შედეგი გამოიღოს", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობის გაზრდამ შედეგი სამშენებლო სექტორის შემთხვევაში უკვე გამოიღო.
ღამის ავტობუსები

21 სექტემბრიდან, ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრიდან" "ვარკეთილამდე" ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი "ღამის ეკონომიკის" პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

"ჩვენ ვამბობდით, რომ "ღამის ეკონომიკის" განვითარების ფარგლებში, საჭირო და მნიშვნელოვანია, ღამის საათებში, კონკრეტულ ლოკაციებზე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იყოს შესაძლებელი.ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ როგორ განხორციელდება საპილოტე პროექტი. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მოსახერხებელი იქნება, როგორც ღამის ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდებისთვის, ისე ტურისტებისა და ღამით დასაქმებული მოქალაქეებისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, "ღამის ავტობუსის" საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს.

"ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ "ახმეტელიდან" დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილთან" ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, "ღამის ავტობუსი" ვახუშტის ხიდს გადაკვეთს და მგზავრებს ვახუშტის ქუჩაზე და სტადიონ "დინამო არენასთან" მიიყვანს, საიდანაც გზას აღმაშენებლის გამზირზე განაგრძობს და მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" მიმდებარედ გაჩერდება.

შემდეგ, იგი გაივლის მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ - თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე - "კონკასთან". ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანსა და მეტრო "ისანთან". ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო "ვარკეთილთან" დაასრულებს.

ავტობუსი უკუმიმართულებითაც ანალოგიურ მარშრუტს გაივლის. ავტობუსს ექნება წარწერა - "ღამის ავტობუსი".
საპილოტე მარშრუტზე "მანის" მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული - 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთანავე, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს", - აცხადებენ მერიაში.

თბილისის მეტრო

"ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილის" ხაზზე მეტროს ახალი, სამი ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, საბურთალოს ხაზს კი, ერთი სამვაგონიანი შემადგენლობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროში მოცდის პერიოდი სამ წუთამდე შემცირდება.

"ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, ჩვენ მეტროში ვაპირებთ გარკვეული ცვლილებების შეტანას, რადგან ძალიან ბევრი მგზავრი გადაყავს დღეს მეტროს და პიკის საათებში ადამიანებს უწევდათ 5-6 წუთი ლოდინი, რაც სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოდგენდა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მეტროს ახალი 3 ოთხვაგონიანი შემადგენლობა დაემატება, რომელიც "ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილის" ხაზზე იმოძრავებს და 1 სამვაგონიანი შემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაადგილდება მოცდა შევამციროთ 3 წუთამდე.

მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ ახალი შემადგენლობების დამატებას, ვაპირებთ ძველი ვაგონების მთლიან მიდერნიზაციას და გვინდა, რომ მეტრო იყოს ერთ-ერთი კომფორტული საშუალება მგზავრებისთვის. ზოგადად, ტრანსპორტის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული, მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებული პარკი, რომელიც არის მოძველებული და მძიმე მდგომარეობაში, მთლიანად განახლდება და ამას დაემატება მეტროს ვაგონების მოდერნიზება",- განაცხადა კალაძემ.

myquiz