ალკოჰოლის მოხმარებასა და გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდება | Allnews.Ge

ალკოჰოლის მოხმარებასა და გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდება

თამბაქოს მსგავსად ალკოჰოლის მოხმარება, ხელმისაწვდომობა და რეკლამირებაც შეიზღუდება.

შესაბამისი სამოქმედო სტრატეგია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს უკვე მომზადებული აქვს და პარლამენტში ინიცირებას გეგმავს. "ბიზნესპრესნიუსის" მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ალკოჰოლის საცალო გაყიდვა კონკრეტულ დღეებსა და საათებში შეიზღუდება. ასევე შემცირდება მისი რეალიზაციის ადგილები.

დოკუმენტის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარება შესაძლოა აიკრძალოს სამუშაო საათებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო დაწესებულებებსა და ყველა ტიპის ტრანსპორტში, მათ შორის საზოგადოებრივში.

ინიციატივის ავტორების თქმით, ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შემცირების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი მიზანია, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, პირველ რიგში WHO -ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) რეკომენდაციით, შეიქმნება ორგანო (ინსტიტუტი ან სააგენტო), რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეროვნული პოლიტიკის გატარებაზე, ინფორმაციის ფართოდ მიწოდებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ალკოჰოლის საზიანო მოხმარების შესახებ.

ასევე, იგეგმება ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მარვთის საწინააღმდეგო კანონებისა და შესაბამისი ზომების გამკაცრება. კერძოდ კი, საუბარია სისხლში ალკოჰოლის შემცველობის ლიმიტის შემცირებაზე. როგორც ინიციატივის ავტორები აცხადებენ, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში იგი დადგენილია 0.2 გ/ლ ზღვარით. საქართველოში დღეს მოქმედი კანონით კი ეს ზღვარი 0.3გ/ლ-ია.

იზღუდება აგრეთვე ალკოჰოლის ხელმისაწვდომობა. მათ შორის, მოხდება ალკოჰოლის დისტრიბუციისა და ალკოჰოლის გაყიდვის ადგილების შემცირება და ალკოჰოლის მოხმარების (შენობის შიდა და გარე) ადგილების რაოდენობის საკანონმდებლო რეგულირება.

სტრატეგიის მიხედვით, ალკოჰოლის შეძენასა და მოხმარებაზე მინიმალური ასაკობრივი ზღვარი დაწესდება, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ან ოფიციალურ საჯარო სტრუქტურებში ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდება.

გარდა ამისა, შეიზღუდება ალკოჰოლური სასმელების რეკლამირებაც.

შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ალკოჰოლურ სასმელებში ალკოჰოლის დოზის შემცირება მოხდება. გარდა ამისა, იგეგმება მწარმოებლის დავალდებულება, ალკოჰოლის გარეკანზე მისი მავნე ზემოქმედების და შესაძლო შედეგების შესახებ ინფორმაციის დაწერასთან დაკავშირებით.

წაიკითხეთ გაგრძელება bpn.ge-ზე