კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება | Allnews.Ge

კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება

საუბარი არ არის იმაზე, რომ რამე უნდა დათმოს ეკლესიამ. დათმობაზე შესაძლოა იყოს საუბარი, თუ ვიღებთ გადაწყვეტილებას ნარკოტიკების წარმოება-რეალიზაციაზე, რასაც პარლამენტი არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს არ მოუწევს არაფრის დათმობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. მისი თქმით, იმ საკითხზე, რომელიც ეხება მცენარე კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, კონსულტაციები გაიმართება.

"საზოგადოების ინტერესებშია სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ამ საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეკლესია. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ფართო კონსულტაციები, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ამ საკითხის რეგულირების თაობაზე. ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ არ მივიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, გვეჩქარება მხოლოდ პირველ ნაწილში, რომელიც დაკავშირებულია მარიხუანას მოხმარებასთან, რადგან შესავსებია ვაკუუმი.

ქვეყნები, რომელსაც მარიხუანა ექსპორტზე გააქვს - სად ხდება კანაფის ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოება

ერთიანი ინიცირება იყო ლოგიკური, რადგან ერთ თემას ეხება. თუმცა, აშკარად ჩანს, რომ მეორე ნაწილში, კერძოდ, მცენარე კანაფის წარმოების საკითხში, საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, სპეკულაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ინფორმირებაზე და საზოგადოებასთან ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს სფერო. საზოგადოებაში ვგულისხმობთ საქართველოს მოსახლეობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომელიც ჩართულია დისკუსიაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საპატრიარქოსთანაც. ჩვენ გვქონდა შეხვედრები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება და ამ კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ მათ შორის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული პაკეტები კანონპროექტის ითვალისწინებს ერთს, ხოლო საზოგადოებას აქვს მეორე ინფორმაცია.

"სხვა რამე წერია კანონპროექტში, საზოგადოებას, მათ შორის საპატრიარქოს წარმომადგენლებს აქვთ სხვა ინფორმაცია. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის გაცვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდება როგორც საზოგადოებისთვის, ისე საპატრიარქოსთვის იმის თაობაზე თუ რა წერია კანონპროექტში. გვინდა ინფორმირება საზოგადოების, რომ არ არის საუბარი ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზებაზე. რაც შეეხება მეორე მხარეს, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის სარგებელს, არის ეკონომიკური გათვლები, რომელიც დაკავშირებულია არა ნარკოტიკებთან, არამედ მცენარე კანაფთან და მის სამედიცინო და კოსმეტიკურ თვისებებთან. ყველაფერს ავწონ-დავწონით, მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას და მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ იქნება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის საზიანო", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

myquiz