ვის ექნება უფლება, რა რაოდენობის და რა მიზნით აწარმოოს კანაფი საქართველოში - ყველაფერი, რაც წარმოების დაწყებამდე უნდა იცოდეთ | Allnews.Ge

ვის ექნება უფლება, რა რაოდენობის და რა მიზნით აწარმოოს კანაფი საქართველოში - ყველაფერი, რაც წარმოების დაწყებამდე უნდა იცოდეთ

შს სამინისტრო მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობა განკუთვნილია მხოლოდ ექსპორტისთვის.

პროექტის მიხედვით, დაუშვებელია მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ან მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე საბითუმო ან საცალო რეალიზაცია, გარდა ექსპორტის მიზნით შესაბამისი ლიცენზიის მფლობელის მიერ მოყვანილი/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან მცენარე კანაფის შემცველი პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის შემთხვევისა.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგ სალიცენზიო საქმიანობის სახეებს:

სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;

სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია;

სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;

სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია;

მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია;

მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია;

მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია;

სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის/მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია;

სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია;

სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია.

შესაბამისად, მხოლოდ ზემოაღნიშნული ლიცენზიის მქონე მეწარმე სუბიექტს ექნება მცენარე კანაფის სამედიცინო ან/და სამრეწველო მიზნით დათესვის, მოყვანისა და კულტივირების უფლება; ასევე, მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის, პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციისა და შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება/ექსპორტის, ასევე, სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის უფლება. ხოლო, შესაბამისი ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი ვალდებულია მის ხელთ არსებული მცენარე კანაფი გადასცეს სააგენტოს, მისი შემდგომი განადგურების მიზნით.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნული ლიცენზიები გაიცემა თითოეული საქმიანობისთვის ცალ-ცალკე 5 წლამდე ვადით, ხოლო ლიცენზიის მოპოვება შეეძლება მხოლოდ იურიდიულ პირს, ხოლო ლიცენზიის სხვა პირისთვის გადაცემა იქნება აკრძალული.

ასევე აკრძალულია კანონპროექტით მცენარე კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე პირის ჩაბმა, ხოლო ლიცენზიაში უნდა მიეთითოს მეწარმე სუბიექტისათვის დათესვისთვის, მოყვანისთვის, კულტივირებისთვის, წარმოებისთვის მცენარე კანაფის ნებადართული ოდენობა, ქვეყნის შიდა კვოტის გათვალისწინებით.კანაფის კონტროლის სააგენტო - ასე ეწოდება სახელმწიფო უწყებას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

რა ეღირება კანაფთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სააგენტოს მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.

რა ფუნქციები ექნება სააგენტოს?

პროექტის მიხედვით, სააგენტოს ამოცანებია: მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება;

კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

კანაფის კონტროლის სააგენტო განახორციელებს მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ლიცენზიის გაცემას, ლიცენზიის მქონე პირების საქმიანობის კანონიერების შემოწმებას, სალიცენზიო პირობების დაცვის კონტროლსა და მონიტორინგს;

კანაფის კონტროლის სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს.

კანაფის კონტროლის სააგენტო პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ინება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, სააგენტოს კონტროლს პარლამენტი განახორციელებს და თავის მხრივ, სააგენტო ყოველი წლის თებერვალში პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებით.

კანაფის დათესვა, მოყვანა, კულტივაცია ან შენახვა მხოლოდ დახურულ/შემოსაზღვრულ შენობა-ნაგებობაში იქნება დასაშვები.
აღნიშნული შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების სტანდარტებს მთავრობა საკუთარი დადგენილებით განსაზღვრავს. მათი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული საკითხები კი, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილ რეგულაციებთან იქნება შესაბამისობაში.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ექსპორტის ან იმპორტის ლიცენზიის გაცემამდე, მცენარე კანაფის ექსპორტი/იმპორტი წინასწარ თანხმდება იმპორტიორი/ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოსთან, რისთვისაც კომპეტენტური ორგანო წინასწარი შეთანხმების დოკუმენტს გასცემს, ხოლო საქართველოში შემოტანილ და საქართველოდან გასატან საქონელს, რომელთაც არ ექნებათ შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი, საგადასახადო ორგანოები დააკავებენ.

საქართველოში სამედიცინო/სამრეწველო მიზნებისთვის კანაფის მოყვანა-წარმოების დაწყების ინიციატივა და ამ საქმიანობის რეგულირების მიზნით სპეციალური სააგენტოს შექმნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარიან ხარჯს იწვევს.

შს სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურდიული პირის - კანაფის კონტროლის სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული სსიპ-ის თანამშრომელთა სახელფასო ფონდისთვის 500 000 ლარია განსაზღვრული, რომლის გამოყოფაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

myquiz