„გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანია დარეგისტრირებული - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ გასაწევრიანებლად? | Allnews.Ge

„გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციაში დაახლოებით 10 000 ადამიანია დარეგისტრირებული - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ გასაწევრიანებლად?

პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ "ბიბლიურმა თავისუფლებამ" თავის დროზე საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. უმეტესობა მათ აკრიტიკებდა და აკრიტიკებს დღესაც, თუმცა გამოჩნდა გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომელთაც ორგანიზაციაში გაწევრების სურვილი გამოთქვეს, გამხდარიყვნენ მღვდელმსახურნი და მიეღოთ სპეციალური მოწმობა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მიზნით.

რამდენი ადამიანია გაწევრებული "გირჩის" რელიგიურ ორგანიზაციაში და რა შემთხვევაში უუქმებენ წევრებს მოწმობას, Allnews.ge "ბიბლიური თავისუფლების" ეპისკოპოსს, ლევან ჯგერენაიას ესაუბრა.

"ბიბლიური თავისუფლება" დაარსდა 2017 წლის 16 მარტს და დაარსების დღიდან დღემდე დაახლოებით ათი ათასი ადამიანია დარეგისტირებული. აქედან უმრავლესობას, გამონაკლისების გარდა, ჯარში წარსადგენი მოწმობის მიღება უნდოდა. თუმცა, ასევე, დარეგისტრირებულები არიან ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს, უნდოდათ ექადაგათ თავისუფლება და ამიტომ გაწევრიანდნენ ჩვენთან. თბილისის გარდა, საქართველოს ყველა რეგიონშია ჩვენი ორგანიზაცია და საზღვარგარეთაც გვყავს მღვდელმსახურები, თუმცა ყველაზე მეტი თბილისშია. მამაკაცების გარდა, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც არიან, მათ, რა თქმა უნდა, ჯარი არ ეხებათ, უბრალოდ იზიარებენ ჩვენს იდეებს და ამიტომაც გახდნენ ჩვენი ორგანიზაციის წევრები.

ეს მოწმობა არის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი, რადგან სამხედრო სავალდებულო სამსახური არის 27 წლამდე, ამ მოწმობით შეუძლიათ გადავადება, თუ თვითონარ გააუქმეს ან ჩვენ არ გავაუქმეთ".

სხვა ქვეყნებში თუ არის მსგავსი ორგანიზაცია?

მსგავსი, ანუ ამ მიზნით შექნილი ორგანიზაცია არ მახსენდება რომ იყოს.

რა არის თქვენი ორგანიზაციის მთავარი არსი?

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ადამიანს იძულებით არაფერი არ უნდა გააკეთებინოს. ვცდილობთ, რომ ადამიანის თავისუფლება შეძლებისდაგვარად დავიცვათ. ერთ-ერთი საკითხი, სადაც ეს მოვახერხეთ, სწორედ ჯარის საკითხია. რელიგიური ორგანიზაციის დაარსებით ვცდილობთ მათი თავისუფლების დაცვას.

რითია გამორჩეული თქვენი ორგანიზაცია სხვა რელიგიური ორგანიზაციისგან?

სხვა ორგანიზაციები ამას არ აკეთებენ. მაგალითად მართლმადიდებლურ ან კათოლიკურ ეკლესიაში ადამიანი მღვდელმსახური ასე მარტივად ვერ გახდება. თუნდაც ვინმე რომ მივიდეს და ითხოვოს მღვდელმსახურად კურთხევა იმიტომ, რომ ჯარში არ წაიყვანონ, ამას არ იზამს არც ერთი ეკლესია. ჩვენი კონკრეტული მიზანი იყო, დაგვეცვა ადამიანის თავისუფლება.

"გირჩს" გასაბერი ეკლესიის შეძენა სურდა.
რა არის საჭირო თქვენს რელიგიურ ორგანიზაციაში გასაწევრებლად?

ჩვენთან მოდიან ოფისში. ვიცნობთ, ვესაუბრებით, გვინდა გავიცნოთ ის ადამიანი, ვისაც ჩვენგან უნდა მოწმობის წაღება. ვეკითხებით, თუ რა იციან ჩვენ შესახებ, რას ფიქრობენ და ა.შ.

თუ ყოფილა შემთხვევა, როცა უარი გითქვამთ გაწევრების მსურველისათვის და მოწმობა არ გაგიციათ?

კი, რა თქმა უნდა. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა. ასევე, ყოფილა შემთხვევაც, როცა გაგვიცია მოწმობა, მაგრამ, რომ ვნახეთ რომ დაარღვია ის მინიმალური სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვდით, გაგვიუქმებია.

და რა არის ეს მინიმლური სტანდარტი?

თუ შევამჩნევთ, რომ ადამიანი არის ჰომოფობი, ქსენოფობი, ფაშისტი, პრორუსი ან სხვა ადამიანის თავისუფლებას და უფლებას ზღუდავს, ამ შემთხვევაში გავუუქმებთ მოწმობას. ეს არის ის მინიმალური კრიტერიუმი, რომელსაც ვითხოვთ იმ მღვდელმსახურისგან, რომელიც ჩვენთან არის გაწევრიანებული. არ გვინდა, რომ ჩვენი მღვდელმსახურები ფაშიზმს ქადაგებდნენ, სხვებს ავიწროებდნენ, უზღუდავდნენ უფლებებს და ა.შ. ამიტომ, თუ ვინმე ასეთ რაღაცაში იქნება შემჩნეული, მოწმობას ვუუქმებთ.

2018 წლის აპრილის სტატისტიკა.
რა ევალება მღვდელმსახურს?

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ არ შეზღუდონ სხვების თავისუფლება, არ იყვნენ მოძალადეები. მათ შეუძლიათ ჩვენი ორგანიზაციის სახელით იქადაგონ თავისუფლება.

გარკვეული პერიოდის მერე, თავისი სურვილით თუ მოდიან მოწმობის და წევრობის გასაუქმებლად?

კი ყოფილა შემთხვევა, როცა უკანვე მოსულან, აღარ სურთ მღვდელმსახურება და თუ ჩვენ მიერ გაცემულ მოწმობას უკან დააბრუნებენ, ვაუქმებთ კონკრეტული ადამიანის მღვდელმსახურის წოდებას.

myquiz