გუგული მაღრაძე მარიხუანაზე - ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა | Allnews.Ge

გუგული მაღრაძე მარიხუანაზე - ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა

ჩვენ უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს, იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, თუ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია და სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ჟოლოს, სადღაც მოიყვანენ მარიხუანას. ეს იქნება ლიცენზირებული და იქნება გათვლილი იმაზე, რომ ქვეყნისთვის მეტი მოგება მოიტანოს", - განაცხადა მაღრაძემ.

რისთვის გამოიყენებენ მარიხუანას?

როგორც ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მაგალითად, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის დროს და ა.შ.

"ძალიან კარგი იდეა და ინიციატივაა. თუ საქართველოში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება, ძალიან კარგი იქნება. უკვე რამდენიმე პრეპარატი არის რეგისტრირებული, რომელიც მარიხუანასგან მზადდება. არის პრეპარატები, რომლებიც დღესდღეობით კვლევაშია და ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს კვლევებს ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, თვითონ მცენარეშიც არსებობს ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება როგორც გარეგანი მალამოები, ზეთები და ა.შ.
"მარიხუანა გარდა იმისა, რომ სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე, მისი წარმოებაში გამოყენებაც შესაძლებელია. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები, ბაწრები ძალიან მაღალი ხარისხის არის", - განაცხადა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.

myquiz