რას ნიშნავს "მწვანე კარკასი" და რა ჯდება იგი საქართველოში? | Allnews.Ge

რას ნიშნავს "მწვანე კარკასი" და რა ჯდება იგი საქართველოში?

საქართველოში სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი წამყვანი სფეროა. შესაბამისად, კომპანიები კონკურენტულ გარემოში ადაპტირებისთვის ათასგვარ ხერხს მიმართავენ. მარკეტინგული ხრიკები, რომლითაც მომხმარებლის მოზიდვა შედარებით ადვილია, უკვე ყველამ შეისწავლა. მეტი კრეატივისა და ინოვაციური მიდგომების ხაზგასასმელად კი ნაწილმა ახალი ტერმინების დამკვიდრება დაიწყო. იმ დროს, როცა შავი და თეთრი კარკასი აღარავის აკვირვებს, ბაზარზე "მწვანე კარკასის" ფენომენი გაჩნდა. მის მნიშვნელობას თითქმის ყველა კომპანია საკუთარი "რეცეპტით" განმარტავს. საერთო მხოლოდ ისაა, რომ აღნიშნულს ეკოლოგიასთან კავშირი არ აქვს.

როგორც მენაშენეთა ასოციაციაში ALLNEWS.GE-ს განუცხადეს, მწვანე კარკასის სტანდარტები ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არაა და ამ ტერმინის ქვეშ ყველა კომპანია, თავის მომხმარებელს განსხვავებულ პირობებს სთავაზობს.

"პირველად რომ გავიგე, ეს ტერმინი, ჩავთვალე რომ ეკოლოგიასთან ჰქონდა კავშირი და მაგალითად, მინიმუმ ენერგოეფექტური ბინების აშენებას გულისხმობდა., მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

ირკვევა, რომ ყველა კომპანია, რასაც უნდა, იმას ეძახის მწვანე კარკასს. ერთიან, ჩამოყალიბებულ სტანდარტს ვერ ნახავთ. მაგალითად, შიდა ტიხრები, მოჭიმული იატაკი, ელექტრო გაყვანილობა და ცენტრალური გათბობის მილები - ეს ვიღაცისთვის მწვანე კარკასად ითვლება, ზოგი კი თეთრ კარკასს ეძახის. დღეს, კომპანიების მხოლოდ 10% იყენებს ამ ტერმინს და ვერ გეტყვით, რამდენად მოთხოვნდია ეს პროდუქტი მომხმარებლებში", - აცხადებს თორნიკე აბულაძე.

ALLNEWS.GE რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა. მწვანე კარკასთან დაკავშირებით მათი შეთავაზებები მცირედით განსხვავებულია. ძირითადად კი სახლის ელექტროგაყვანილობით, გათბობისა და სანტექნიკის მილებით, გიფსო ფილებით და ასევე გალესილი კედლებით უზრუნველყოფას გულისხმობს.

ზოგიერთი კომპანია მომხმარებლებს შავ, თეთრ და მწვანე კარკსს შორის არჩევანს სთავაზობს, ზოგს კი მხოლოდ მწვანე კარკასის ჩაბარება შეუძლია. კომპანიების ფასები, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, თუმცა, საშუალოდ თეთრ კარკასთან შედარებით მწვანე კარკასი 100-150 დოლარით ძვირია.

"დანახარჯი - ყველაზე მცირე, ბინის შავი კარკასით ჩაბარებისას არის. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მყიდველი კარგად ვერ ერკვევა სამშენებლო მასალებში და ყველაფრის გაკეთება მაინც შუამავლების დახმარებით უწევს, შესაძლოა მას მწვანე კარკასის კონდიციამდე ბინის მიყვანა იმაზე ძვირი დაუჯდეს, ვიდრე კომპანიის შეთავაზებაში იყო. ხოლო თუ მომხმარებელს თავად შეუძლია ხარისხიანი, ამავდროულად შესაბამისი ღირებულების მასალის შეძენა და მცირე სამშენებლო გამოცდილებაც აქვს, უმჯობესია კომპანიის გაზრდილ ხარჯებს ერიდოს და საქმეს თავად გაუძღვეს.

მოგეხსენებათ, სამშენებლო კომპანია ბინაში ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებული მუშის საშემოსავლოს იხდის, ასევე სექტორი დღგ-თი იბეგრება, შესაბამისად, კომპანიის მიერ გარემონტებული სახლი, შესაძლოა, იმაზე ძვირი დაჯდეს, ვიდრე ინდივიდუალურად, ხელოსნის დაქირავების შემთხვევაში დაჯდება. ამიტომ მომხარებელს თუ არჩევნის გაკეთება შეუძლია შავ, თეთრ და მწვანე კარკასს შორის, ჯობს, ჯერ საკუთარ ძალებში დარწმუნდეს და ისე მიიღოს ბინის შავი კარკასით ჩაბარების გადაწყვეტილება“, - განუცხადეს ALLNEWS.GE-ს ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში.

myquiz