რამდენიმე ქუჩაზე ჰაერში საშიში ნაწილაკების რაოდენობამ იმატა | Allnews.Ge

რამდენიმე ქუჩაზე ჰაერში საშიში ნაწილაკების რაოდენობამ იმატა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.

"კერძოდ, 30 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე დაფიქსირდა, ხოლო 31 აგვისტოდან კი კონცენტრაციების მატება აღინიშნა დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე. მომატებული PM10-ის კონცენტრაციები ფიქსირდებოდა 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში. აღნიშნული გადაჭარბება ტრანსსასაზღვრო დაბინძურებით იყო გამოწვეული.

კერძოდ, მიმდინარე წლის 30 აგვისტოდან საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასებით. გასული კვირის განმავლობაში ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე და ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე მომატებული იყო ასევე აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომელიც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული. ჰაერის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტო მონაცემებს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელი იქნება, საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ", - აცხადებენ სააგენტოში.

myquiz