რა ხდება რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც დემონსტრანტებმა სუფრა გაშალეს | Allnews.Ge

რა ხდება რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე, სადაც დემონსტრანტებმა სუფრა გაშალეს

სასტუმრო "ვერე პალასთან" რუსი ჟურნალისტების მედია ფორუმი საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არ არის მედია ფორუმი და ეს არის სამუშაო შეხვედრა იმისთვის, რომ ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელონ. აქციის მონაწილეებმა რუსი ჟურნალისტები შეძახილის "რუსეთი ოკუპანტია" ფონზე შეუშვეს მედია ფორუმზე.

"გვინდოდა მათთვის აგვეხსნა, რომ სანამ რუსეთი ჯარს არ გაიყვანს ჩვენი ტერიტორიებიდან, მანამდე სალაპარაკო არ გვაქვს რუსეთთან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირინა ცააძემ.

აქციაზე სიმბოლურად სუფრა გაშალეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აღნიშნული პერფორმანსი იმის სიმბოლოა თუ როგორ ხვდება საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტებს.

"ეს არის პერფორმანსი, რომლითაც ჩვენ ვაჩვენებთ, საქართველოს ხელისუფლება როგორ ხვდება პუტინის მონებს", - განაცხადა აქციის მონაწილემ მანანა ანდღულაძემ.

აქცია-პერფორმანსი სუფრისა და მუსიკის ფონზე მიმდინარეობს.

ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, - ამის შესახებ კოლუმნისტმა და მწერალმა დიმიტრი კოსირევმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ვერე პალასთან" განუცხადა.

როგორც კოსარევმა აღნიშნა, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხს კარგად არ იცნობს, ამიტომ ის კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

"ჩვენ რუსეთში ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. პრობლემები ადრეც გვქონდა და ყოველთვის გვექნება ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჯერ კარგად უნდა გავერკვე საკითხში, რომ შემდეგ ამაზე ვწერო ან ვისაუბრო. ეს ჩემი თემა არაა. ეს არც ფორუმის თემაა. თუ ვინ მოახდინა ვისი ოკუპაცია, ამისთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკითხს კარგად იცნობენ. მე ამას არ ვიცნობ. მზად ვარ ამის შესახებ უფრო მეტი გავიგო. სიამოვნებით გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, მოვისმენ მათ აზრს, გავესაუბრები ვინმეს მოსკოვში. ის ადამიანები, ვინც ქვეყანაში არ შემოუშვეს, კონფერენციის პროგრამაში იყვნენ შეყვანილი და მათ შეეძლოთ ამ საკითხებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ეს ადამიანები არ შემოუშვეს. ამიტომ ჩვენ ამ საკითხებზე სხვა დროს ვისაუბრებთ", - განაცხადა კოსირევმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. მათივე ინფორმაციით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

myquiz