ყველაფერი ფოთში მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

ყველაფერი ფოთში მომხდარი აფეთქების შესახებ, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ფოთში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმების ინფორმაციით, დაშავებულები ფოთის, ზუგდიდის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. საუბარია 33 წლის, 16 წლის, 29 წლის და 41 წლის მამაკაცებზე, რომელთაგანაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი, ფოთში გამთენიისას მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც კლინიკის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საავადმყოფოში 4 პირი შეიყვანეს, თუმცა ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და გარდაიცვალა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს, მათგან ერთი ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მეორე კი - ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მესამე პირს კი, მიგინეიშვილის ინფორმაციით, გაეწია გადაუდებელი ამბულატორიული დახმარება და სახლში გაეწერა.

"დაშავებულებს ტრავმული შოკი და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ფოთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი აცხადებს, აფეთქების შემდეგ, როდესაც მაღაზიიდან გამოვიდა, დაინახა, რომ "ქვემოთ ეგდო ბავშვი, რომელიც იქვე ჩასარიცხ აპარატთან იდგა".

"მაღაზიაში რაღაცები შეიძინეს და გამოვიდნენ, დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში სვამდნენ. არ ხმაურობდნენ, წყნარად იყვნენ და უცებ გასროლის ხმა გაისმა. სულ 4 ადამიანი იყო", - განაცხადა მაღაზიის თანამშრომელმა.

ფოთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე ორი - 236-ე და 124-ე მუხლებით აღიძრა.

236-ე მუხლი გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, 124-ე მუხლი კი, ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

ადგილზე კრიმინალისტებმა მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

myquiz