ადგილები თბილისში, სადაც ჰაერში მტვრის შემცველობა დასაშვებზე მაღალია | Allnews.Ge

ადგილები თბილისში, სადაც ჰაერში მტვრის შემცველობა დასაშვებზე მაღალია

კვლევის შედეგებით, თბილისში, გარკვეულ ადგილებში მტვრის შემცველობა ზღვრულად დასაშვებზე მაღალია, - აღნიშნული აჩვენა კვლევამ, რომელიც სპეციალისტებმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჩაატარეს.

კვლევის შედეგები პრესკონფერენციაზე ექსპერტმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა ნუგზარ ბუაჩიძემ წარადგინა.

ნუგზარ ბუაჩიძის თქმით, კვლევა, რომელშიც ის მონაწილეობდა, "ეკოვიჟენმა" პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის დახმარებით განახორციელა.

ექსპერტის განმარტებით, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესასწავლად დაკვირვებას სპეციალური აპარატებით 3 კვირის განმავლობაში, ივლისის თვეში, რამდენიმე ლოკაციაზე ახდენდნენ. კერძოდ, გმირთა მოედანზე სამ წერტილში, ასევე ვაკის პარკსა და კუს ტბაზე და ორ მშენებლობაზე, რომლებიც ლუბლიანასა და მირიან მეფის ქუჩებზე მიმდინარეობს.

ნუგზარ ბუაჩიძის თქმით, მათ აინტერესებდათ შეესწავლათ ჰაერში CO2-ის , N2-ის, ტყვიისა და კადმიუმის შემცველობა; ასევე, რამდენად არის ჰაერი დაბინძურებული მტვრის უმცირესი ნაწილაკებით PM2,5-ითა და PM10-ით.

"გმირთა მოედანზე ჰაერის დაბინძურების შესწავლა სამ სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა დონეზე და დროის სხვადასხვა მონაკვეთში ხდებოდა: 07:00 საათზე, 13:00 საათზე; 19:00 საათზე და 00:00 საათზე. გმირთა მოედანზე 13:00 საათზე CO2-ის დონემ ზღვრულად დასაშვებ ნორმას მიაღწია. შაბათ-კვირას აღნიშნულ ლოკაციაზე ჰაერის შემცველობაში CO2-სა და N2-ის შემცველობა ორჯერ ნაკლები იყო. რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას ვაკის პარკსა და კუს ტბაზე, უფრო სუფთა ამ მხრივ ჰაერი აღმოჩნდა ვაკის პარკში. ვფიქრობ, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ იქ უფრო მეტი მცენარეებია, ვიდრე კუს ტბაზე და ასევე, პარკის დასუფთავება ყოველ დილით წყლით ხდება", - განაცხადა ბუაჩიძემ.

მისივე თქმით, მტვრის მცირე ნაწილაკების PM2,5-სა და PM-10-ის შემცველობა, რომლებიც ადამიანის ფილტვებში აღწევენ და დაავადებებს იწვევენ, ზღვრულად დასაშვებზე ცოტათი უფრო მაღალი იყო, ლუბლიანასა ქუჩაზე. იქ სამი სახლი ერთდროულად შენდება და შედარებით ნაკლები იყო მირიან მეფის ქუჩაზე, სადაც მშენებლობა უკვე თითქმის დასრულებულია.

მისივე თქმით, შედეგად, იმ მომენტისთვის, მირიან მეფის ქუჩაზე ჰაერში მტვრის ნაკლები შემცველობა იყო.

ექსპერტის განცხადებით, ისინი ასევე იკვლევდნენ ჰაერში ტყვიისა და კადმიუმის შემცველობას.
"მტვერში ტყვიის შემცველობა უმნიშვნელოა - 0,01-0,06 მგ/მ3-ში, თუმცა, ყურადსაღებია, რადგან ტყვია ადამიანის ორგანიზმში ილექება და ძნელად გამოდის", - განაცხადა ბუაჩიძემ.

ექსპერტის თქმით, კვლევისას ჰაერში კადმიუმის შემცველობა თითქმის არ გამოვლენილა.

ბუაჩიძის თქმით, თბილისში, ჰაერში მტვრის შემცველობის განმსაზღვრელი მხოლოდ 4 აპარატია განთავსებული, რაც არასაკმარისია და მინიმუმ 15 ასეთი აპარატია საჭირო, რათა უფრო ზუსტი სურათი შეიქმნას.

მისივე თქმით, მათი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ანალოგიური სახის უფრო ხანგრძლივადიანი კვლევა განხორციელდეს.

myquiz