რას აპროტესტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი? | Allnews.Ge

რას აპროტესტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი?

საზოგადოებრივ მაუწყებელთან არხის თანამშრომლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც არხის მენეჯმენტმა თანამშრომელთა გათავისუფლების მიმართულებით დაიწყო.

"თუ რამე კარგად არ ხდება ტელევიზიაში, ეს პირველ რიგში, არის მენეჯმენტის ბრალი, მაგრამ ამას არავინ განიხილავს. ისინი პირდაპირ გადასულები არიან თანამშრომლების გათავისუფლებაზე. მოვითხოვთ შეხვედრას, როგორც სამეურვეო საბჭოსთან, ასევე მივმართავთ პრემიერს, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს - ჩვენ მოვითხოვთ შეჩერდეს თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი," - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

საქმე ეხება 150-მდე თანამშრომლისთვის ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემის შეთავაზებას. დასაქმებულების აზრით, მათ სამსახურიდან გაშვებას უპირებენ.

საზოგადოებრივ მაუწყებელში დასაქმებულებს 4 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რათა ხელმძღვანელობის ახალ შეთავაზებას დასთანხმდნენ.

მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი მოითხოვს, ანაზღაურების ახალ სისტემასთან დაკავშირებით წარმოქმნილ კითხვებზე პასუხების მიღებამდე შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი.

მაუწყებლის თანამშრომლების ამ ნაწილის შეფასებით, ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემა ბუნდოვანი და გაურკვეველია.

რა ცვლილებებზეა საუბარი? საკითხზე განმარტება საზმაუმ გააკეთა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება.

ამასთან განცხადების მიხედვით, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამაუწყებლო სეზონის ეფექტიანად განხორციელებისთვის მაუწყებლის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკის და სისტემის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში სრულად მოშლილი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სპეციფიკური ორგანიზაცია, სადაც ირიცხება როგორც არანორმირებული, ასევე ნორმირებული, საათობრივ და განსხვავებულ რეჟიმზე/ცვლებში მუშაობის დატვირთვაზე მყოფი პოზიციები.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში აღრიცხვიანობის სისტემა იყო მოშლილი და ფაქტობრივად, აღრიცხვა არ ხორციელდებოდა, რაც აისახა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში, სადაც რეკომენდაციის სახით წარმოდგენილი იყო თანამშრომელთა დასწრება – აღრიცხვის, ე.წ. ტურნიკეტის სისტემის დანერგვის აუცილებლობა.

2018 წლის მაისში დასრულდა შენობაში დაშვება-კონტროლის სისტემის მოწყობილობების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოები, რის შესახებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები არაერთხელ იყვნენ გაფრთხილებული.

სისტემის ამოქმედების შემდეგ გამოვლინდა, რომ მთელ რიგ სტრუქტურულ ერთეულებში არათანაბრად არის გადანაწილებული დატვირთვა ან არსებული დატვირთვა არასწორად არის ასახული სამუშაო რეჟიმებზე. გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს. ამავდროულად, რიგ თანამშრომლებს მოთხოვნილ სამუშაო რეჟიმზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული სამუშაო საათები აქვთ დაგროვებული.

გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას. შედეგად დაგროვდა სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება წარმოებული გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდის ადამიანურ რესურსს.

მაუწყებლის ახალი სეზონის (2018/2019) გადაცემების დაგეგმვა განხორციელდა შესაბამისი სამუშაო ძალების განსაზღვრასთან ერთად – ეთერს ინარჩუნებს ყველა არსებული გადაცემა და იგეგმება რამდენიმე მასშტაბური პროექტი. შესაბამისად, განისაზღვრა ის ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ გადაცემების შესაქმნელად. განხორციელდა კონკრეტულ გადაცემებსა და პროექტებზე მომუშავე ჯგუფების სრული კომპლექტაცია, თანამშრომელთა სამუშაო დატვირთვის რეჟიმები და ცვლები", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომელიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.

"ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია თანამშრომლთა იმ რაოდენობის შესახებ, რომლებსაც თითქოს შეუცვალეს ხელშეკრულების პირობები, რეალურად, ეს რიცხვი გაჟღერებული რაოდენობის ნახევარსაც არ შეადგენს. საუბარია 70-მდე კადრისთვის ხელშეკრულების პირობების ცვლილების შეთავაზებაზე, რომელთა გაფრთხილებაც კანონის შესაბამისად, დროულად განხორციელდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება.

თანამშრომლებისთვის მომზადდა შეთავაზება, რომელიც გულისხმობს:

– შრომის ანაზღაურებას ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;

– ანაზღაურება განხორციელდება გადასაღები დღეების (არა საათის) გაანგარიშებით;

– სამუშაოს შესრულება განხორციელდება დავალების შესაბამისად, ხოლო დავალება ფორმირდება საწარმოო პროცესებზე, გადაცემების მოცულობაზე და სირთულეზე, ასევე მიმდინარე პროექტებსა და დატვირთვის მოცულობაზე;

– სამუშაო რეჟიმის და შესაბამისი ანაზღაურების სისტემის გარდა, შრომითი ხელშეკრულებების სხვა პირობები რჩება უცვლელი.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, დეტალურად გაერკვეს პროცესებში, არ შეუწყოს ხელი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებელი წარმოადგენს საჯარო ორგანიზაციას, მასში მიმდინარე პროცესები არის აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, პროცესებში ჩართულია სამეურვეო საბჭო და მაუწყებლის მენეჯმენტი მზად არის ნებისმიერი განმარტებისთვის", -ნათქვამია განცხადებაში.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საჭიროა თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის კომუნიკაცია შედგეს და თანამშრომლებმა იცოდნენ, თუ რატომ ათავისუფლებენ მათ.

ბორდის ორი წევრი ნინია კაკაბაძე და ქეთი მსხილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს შეხვდნენ, რომელთაც ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედების შესახებ შეტყობინება მიუვიდათ.

"სამეურვეო საბჭო მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა და ვერ შეცვლის, თუმცა შეუძლია უფრო მეტად იყოს ინფორმირებილი. არა მხოლოდ მაუწყებელში ასევე ქვეყანაში დიდი პრობლემაა კომუნიკაცია. არავინ უარყოფს, რომ შეიძლება მოხდეს ოპტიმიზაცია და თანამშრომლების დათხოვნა, თუმცა ნებისმიერ თანამშრომელს უნდა აუხსნა თუ რატომ ათავისუფლებ მას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა უნდა მივაღწიოთ, რომ კომუნიკაცია შედგეს და თანამშრომლებმა იცოდნენ ცვლილებების მიზეზი", - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

myquiz