ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებად რეგიონებში შეძენილ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება სურთ - რას ყიდულობს აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობა? | Allnews.Ge

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებად რეგიონებში შეძენილ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება სურთ - რას ყიდულობს აფხაზეთიდან გადმოსული მოსახლეობა?

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შეძენილ პროდუქციაზე გადასახადის დაწესება სურთ.

როგორც გასულ კვირას გაფართოვებულ პრესკონფერენციაზე ოკუპირენული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, საქართველოდან აფხაზეთში პროდუქტების არალეგალური მიწოდება ბაზარს ასუსტებს.

"აფსნიპრესის" ინფორმაციით, კონფერენციაზე საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ტვირთბრუნვის ლეგალიზების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"საქმე ისაა, რომ საზღვარზე ადგილი აქვს უკანონო ურთიერთობას საქართველოსთან. ესა თუ ის პროდუქცია, რომელიც აფხაზეთისკენ არის მიმართული ასუსტებს ჩვენს ბაზარს. ფაქტობრივად, ჩვენი პროდუქცია არაკონკურენტუნარიანი ხდება. ფასისა და თვითღირებულების მიხედვით, პროდუქტები, რომლებიც საქართველოდან შემოაქვთ, უფრო იაფია, რადგან საზღვარზე არანაირ პროცედურას არ გადიან. ჩვენ ამ პროცესის ლეგალიზება გვჭირდება. ყველა პროდუქცია, რომელიც საქართველოდან შემოდის დაფიქსირებული უნდა იყოს", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

გარდა ამისა, სეპარატისტული რეჟიმის ლიდერმა გაიხსენა, რომ მდინარე ენგურზე გამავალ ე.წ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ომის შემდეგ საბაჟო გადასახადი იყო დაწესებული, რომელზეც მოგვიანებით უარი თქვეს.

"მაგრამ რატომ უნდა გამდიდრნენ ცალკეული ადამიანები და სახელმწიფომ იზარალოს?"- აღნიშნა ხაჯიმბამ.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ისიც აღნიშნა, რომ გალის რაიონში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ახლა ის ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი რაიონია. "ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აფხაზეთის

ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ჩაეკეტა სახელმწიფო საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები"- განაცხადა ხაჯიმბამ.

ექსპერტ გიორგი კანაშვილის თქმით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წარმოებული ან შემოტანილი პროდუქცია, ოკუპირებულ აფხაზეთთან შედარებით მართლაც იაფია და ამას მისი თქმით, ორი მიზეზი განაპირობებს - პირველი ის, რომ რუსეთში გაცილებით უფრო მაღალი ფასებია და მეორე, აფხაზეთში ფაქტობრივად არაფრის წარმოება არ ხდება.

"ეს პროდუქცია ე.წ საზღვარს იქით და აქეთ გადააქვს ისევ ქართულ მოსახლეობას, გალელებს, რომლებიც გადმოდიან შეიძენენ გადააქვთ და შემდეგ იქ იყიდება ხოლმე. ამიტომ გალში არსებული ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალი ბაზარია, ისიც სწორედ იქიდან გამომდინარე რომ ეს პროდუქცია გადადის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან. შემდეგ გალში სოხუმიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან ჩადიან, იძენენ მათთვის საჭირო პროდუქციას"- აღნიშნა ექსპერტმა.

გიორგი კანაშვილის თქმით, საერთაშორისო კვლევებით ირკვევა, რომ გარდა პირველადი მოხმარების პროდუქციისა, მოთხოვნადია, ასევე ავეჯი და ტექნიკა.
"რაც შეეხება იმას თუ რას ემსახურება აღნიშნული ინიცატივა. ორ რამეს ემსახურება - პირველი იმას, რომ ბიუჯეტში აქედან შევიდეს თანხა და მეორე - კონტროლი რომ დაწესდეს და გაიგონ რა შედის ე.წ საზღვრის მეორე მხრიდან.

გაართულებს თუ არა ეს ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები? არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ფასები შედარებით გაიზრდება, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ აქედან შესული ნებისმიერი პროდუქციის ფასი მაინც გაცილებით დაბალია, არ მგონია, რომ იმდენად გაიზარდოს ფასები, რომ ამ საქმიანობამ დაკარგოს რენტაბელურობა. ამიტომ მგონია, რომ, დიდი ალბათობით, ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც არის. თუ ეს იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ მეტ-ნაკლებად ნორმალური საბაჟო გადასახადები დაწესდეს მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება, თუ დიდ გადასახადს დააწესებენ ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მათ ყველანაირად სურთ, რომ საერთოდ შეწყდეს ამგვარი პროდუქციის შეტანა. ჯერჯერობით თითქოსდა არ იკვეთება, რომ საერთოდ უნდოდეს აქეთა მხრიდან პროდუქციის შეტანის შეზღუდვა"- განმარტავს გიორგი კანაშვილი.

ის რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პროდუქცია გაცილებით იაფია ის ადამიანებიც ადასტურებენ, რომლებიც ე.წ საზღვარს კვირაში რამდენჯერმე პროდუქციის შეძენის მიზნით კვეთენ. ერთ-ერთ მათგანს,  რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით დატვირთული ჩანთებით შვილთან ერთად მიდიოდა, Allnews.ge რამდენიმე თვის წინ გაესაუბრა.

როგორც მან გვითხრა, ხიდის აქეთ მხარეს პროდუქტები გაცილებით იაფია. ისიც კვირაში ორჯერ ან სამჯერ რუხში მდებარე მაღაზიებსა და ბაზარში საყიდლებზე მოდის. ხიდის ქართულ მხარეს მას განმარტებას არავინ სთხოვს, ხიდის ბოლოს კი საბუთებს ყოველ ჯერზე დაუზარელად უმოწმებენ. "თუ ყველა საბუთი წესრიგში გაქვს პრობლემები არ შეგექმნება"- გვეუბნებნება ხათუნა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ რუხში მდებარე ე.წ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ყოველ დღე სხვადასხვა მიზნით დაახლოებით 1500-2000 ადამიანი კვეთს.

აფხაზეთთან ახლოს - დევნილობაში გატარებული 25 წელი და "სახლში" დაბრუნების გადაუწურავი იმედი

myquiz