საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები - საგამოძიებო კომისია | Allnews.Ge

საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები - საგამოძიებო კომისია

საგამოძიებო კომისიისთვის საგანმანათლებო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან მიწოდებული მასალებიდან ირკვევა, რომ ფაქტორები, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წინაპირობა გახდა, წარმოადგენს სისტემურ და მზარდ პრობლემას. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს. ამ დასკვნის მიხედვით კომისიის მიერ გაანალიზებული იქნა სტატისტიკა, რაც ადასტურებს სკოლებში უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ პრობლემებს. ეს საკითხები ასახულია დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც სკოლებში არსებულ მდგომარეობას ეხება.

"სტატისტიკის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საგრძნობლად მომატებულია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები: 2015-16 ს.წ. – 2582 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 2538; 2017-18 ს.წ - 3673. მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის სტატისტიკა ასევე გაზრდილია კონფლიქტში მონაწილე პირების სკოლებში. კერძოდ:

ა) 51-ე საჯარო სკოლა - 2015-16 ს.წ. - 77; 2016-17 ს.წ. - 92; 2017-18 ს.წ - 139;

ბ) 1-ლი ექსპერიმენტული - 2015-16 ს.წ. - 13; 2016-17 ს.წ. - 31; 2017-18 ს.წ - 62;

ნიშანდობლივია, რომ განათლების სისტემა საერთოდ არ აწარმოებს ჩაგვრის/ბულინგის სტატისტიკას;

ბოლო წლებში ასევე საგრძნობლად არის მომატებული სკოლებში აკრძალული ნივთების მოხმარება.
კერძოდ, 2015-16 ს.წ. – 1806 შემთხვევა; 2016-17 ს.წ. - 1866; 2017-18 ს.წ - 2452;

ბოლო წლებში საგანგაშოდ ზრდადია ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვისა და გაკვეთილების ჩაშლის სტატისტიკა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ხორავას ტრაგედიაში მონაწილე სკოლებში. კერძოდ, სკოლიდან გაპარვა ქვეყნის მასშტაბით: 2015-16 ს.წ - 8403 შემთხვევა; 2016-17 ს.წ -8951; 2017-18 ს.წ. - 10838;

სკოლიდან გაპარვა მონაწილე პირების სკოლებში: 51-ე საჯარო სკოლა - 2015-16 ს.წ - 82 შემთხვევა; 2016-17 ს.წ - 81; 2017-18 ს.წ. - 116; 1-ლი ექსპერიმენტული - 2015-16 ს.წ - 124 შემთვევა; 2016-17 ს.წ - 186; 2017-18 ს.წ. - 289.

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა ქვეყნის მასშტაბით: 2015-16 ს.წ. - 4495; 2016-17 ს.წ. - 4853; 2017-18 ს.წ - 6553;

გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა მონაწილე სკოლებში - 51-ე საჯარო სკოლა - 2015-16 ს.წ -87; 2016-17 ს.წ -107; 2017-18 ს.წ. -143;

1-ლი ექსპერიმენტული - 2015-16 ს.წ -42; 2016-17 ს.წ -129; 2017-18 ს.წ. -185"- ნათქვამია დასკვნაში.

სკოლებში არიან ჩვეულებრივი ბულერები, რომლებიც მუდმივად ჩაგრავენ სკოლის სხვა მოსწავლეებს და ამ პირების მიმართ ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ეფექტური, პრევენციული ზომების გატარებას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, კომისიის წევრმა პარტია "ევროპული საქართველოდან" ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის განცხადებით, ყოველივე ეს ხელს უშლის, როგორც მთლიანი სასწავლო პროცესის წარმართვას, ასევე დისკომფორტს უქმნის სკოლის მოსწავლეებს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის თქმით, სერიოზული ზომებია მისაღები, რათა სკოლაში არსებობდეს რეალური ბერკეტები რომ ბულინგს, ჩაგვრას, არ ჰქონდეს დამკვიდრებული პრაქტიკის სახე.

"ყოველივე ეს მთლიანად ხელს უშლის სასწავლო პროცესს და მეორეს მხრივ კი სკოლაში მყოფი წესიერი მოსწავლეებისთვის საშინელ დისკომფორტს წარმოადგენს. როდესაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში სკოლა, მანდატურები, რეაგირებას ვერ ახდენენ, ქმნის განცდას, რომ არაფერს აზრი არ აქვს, ამ მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ეს არის ნორმა. ჩვენ სერიოზული ზომები გვაქვს მისაღები, ამ სიტუაციის შესაცვლელად, რომ სკოლაში არსებობდეს რეალური ბერკეტები, რათა ჩაგვრას და ბულინგს არ ჰქონდეს დამკვიდრებული პრაქტიკის სახე", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

myquiz