უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია "თანასწორობის ჯილდოთი" დააჯილდოვა | Allnews.Ge

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია "თანასწორობის ჯილდოთი" დააჯილდოვა

უეფამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია "თანასწორობის ჯილდოთი" დააჯილდოვა. ცერემონიალი მონაკოში გაიმართა, სადაც ასევე ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა და წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს. თავად გურამ კაშია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტაბების ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, მონაკოში გამართულ ღონისძიებას ვერ დაესწრო და მის ნაცვლად პრიზი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა გადასცა.

ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ გუშინ დილით მისი კლუბის, "სან ხოსეს" შემადგენლობაში ჩემპიონატის მატჩი ითამაშა და სავარაუდოდ სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მონაკოში ჩასვლა ვერ მოახერხა. კაშია აღნიშნული ჯილდოთი, რომელიც უეფამ წელს პირველად დააწესა, ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის მიიღო.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ განაგრძობს ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ მხარს დაუჭერს ადამიანების თანასწორობას.

კაშია უეფას და მის პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს "თანასწორობის ჯილდოთი" დაჯილდოვებისთვის მადლობას უხდის.

"ბატონ ალექსანდრეს და უეფა-ს მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჯილდოს გადმოცემისთვის. ეს დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის. ძალიან გავოცდი, როდესაც ეს ჯილდო მივიღე, მაგრამ მადლობელი ვარ მისი მიღებისთვის. ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი სიყვარული, ჩემი გატაცება. განვაგრძობ ფეხბურთის თამაშს და მოედნის შიგნით და გარეთ მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას", - აცხადებს კაშია.

myquiz