კახა კალაძე კვირაში ერთხელ, დედაქალაქის ყველა რაიონში ღია ბაზრობების მოწყობის ინიციატივით გამოდის | Allnews.Ge

კახა კალაძე კვირაში ერთხელ, დედაქალაქის ყველა რაიონში ღია ბაზრობების მოწყობის ინიციატივით გამოდის

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის ყველა რაიონში, კვირაში ერთხელ ღია ბაზრობების მოწყობის ინიციატივით გამოდის.

ინიციატივა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა და ასევე შეეხო გარევაჭრობის თემასაც. კალაძე რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, რომელიც დინამო არენას ტერიტორიაზე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ გარევაჭრობის აკრძალვას ეხებოდა. კალაძის თქმით, მერიის შესაბამის სამსახურებს კანონი ავალდებულებს, რომ გარევაჭრობა არ დაუშვან.

"რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია. თბილისში გარევაჭრობა კანონმდებლობითაა აკრძალული და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ დაიცვას კანონი, რომ თბილისში გარევაჭრობა აღიკვეთოს.

დედაქალაქში არსებობს საჭირო სივრცეები, სადაც შესაძლებელია კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინ არაა შეზღუდული ამ მიმართულებით, თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი საქმიანობის განხორციელება. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ, მივიღებთ სრულ ქაოსს და განუკითხაობას. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს გარევაჭრობის აღკვეთა. თუ არის ამის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს და გამოვყოთ ერთი კონკრეტული დღე ყველა რაიონში, სადაც მოვუწყობთ ამ ადამიანებს შესაბამისი ინფრასტრუქტურით სივრცეს. ასეთი ტიპის ბაზრობების ერთი დღით გაკეთება ბევრ ქვეყანაში ხდება და მობრძანდნენ, ყოველგვარი გადასახადების გარეშე და განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, კალაძის თქმით, პირი, რომელიც ჩანაწერს აკეთებდა, სამი დღის განმავლობაში ეწეოდა უკანონო საქმიანობას და ზედამხედველობის სამსახურმა ის არაერთხელ გააფრთხილა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ კონკრეტულ ვიდეოში, ადამიანი, რომელიც იღებდა, საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს ის ჩამოვიდა "მარშრუტკიდან" და მაშინვე ააცალეს ყველაფერი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. ის რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა იმ კონკრეტულ ადგილზე და ცდილობდა გამოწვევას ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების, მათ აყენებდა შეურაცხყოფას და აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პროვოკაცია", - განაცხადა კალაძემ და აქვე დასძინა, რომ მათ მიმართეს დინამოს სტადიონის ადმინისტრაციას, რათა მოხდეს კამერების ჩანაწერების ამოღება და საზოგადოებამ დაინახოს, თუ რა მოვლენები განვითარდა რეალურად ადგილზე.

myquiz