ბათუმში საღებავების სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - შესაბამისი კომისია ზარალს შეისწავლის | Allnews.Ge

ბათუმში საღებავების სავაჭრო ობიექტში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - შესაბამისი კომისია ზარალს შეისწავლის

ბათუმში, პუშკინისა და წერეთლის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საღებავების მაღაზიებში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის 12 ბრიგადა და 65 მაშველი-მეხანძრე იმყოფებოდა.

უწყების ცნობით, ხანძარი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და საღებავების 10-მდე მაღაზია დაიწვა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

ბათუმში სავაჭრო ობიექტებს ხანძარი ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე აჭარის რეგიონის პირველი პირები იმყოფებოდნენ. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, შესაბამისი კომისია ზარალს შეისწავლის და შემდეგ მთავრობა იმსჯელებს, რა სახის დახმარება გაეწევათ დაზარალებულებს.

თავის მხრივ, მაღაზიების მეპატრონეები ზარალის დიდ ოდენობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათ სავაჭრო ობიექტები დაზღვეული არ ჰქონდათ, რის გამოც დახმარებას ითხოვენ.

"ეს მაღაზიები იყო ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო. თუ არ დაგვეხმარებიან, არ ვიცი, რა გვეშველება", - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

myquiz