"კილოზე 40-50 თეთრს მოგცემთო, გვითხრეს" - კახეთში სეტყვით დაზარალებული მოსახლეობა ყურძენს ნაადრევად კრეფს | Allnews.Ge

"კილოზე 40-50 თეთრს მოგცემთო, გვითხრეს" - კახეთში სეტყვით დაზარალებული მოსახლეობა ყურძენს ნაადრევად კრეფს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სეტყვით დაზარალებული მოსახლეობა ყურძენს კრეფს. სოფელ ქისტაურსა და ახაშენში ნაადრევი რთველი დილიდან დაიწყეს. ადგილობრივები გადარჩენილ მოსავალს ჩასაბარებლად ამზადებენ და აცხადებენ, რომ მიღებული თანხა ხარჯებსაც ვერ აუნაზღაურებთ.

"15 ტონა ყურძენს ველოდებოდი და თითქმის არაფერი აღარ დამრჩა. რაც არის ესეც უკვე ლპება, ყურძნის კრეფა დილიდან დავიწყეთ, იქნება ცოტა რამე თანხა მოგვცენ. კილოზე 40-50 თეთრს მოგცემთო, გვითხრეს. მთავრობისგან ფულად დახმარებას ველოდებოდით და უარი მივიღეთ, მხოლოდ ჩაბარებაში დაგეხმარებითო. არც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ისროლეს“, - განაცხადა დაზარალებულმა თემურ მანველიშვილმა.

დაზარალებული ფერმერებისგან ყურძნის მიღება ახმეტის ღვინის ქარხანამ დღეს, 11:00 საათიდან დაიწყო.

არსებული მონაცემებით, სეტყვამ და ქარმა ახმეტასა და თელავში 500 ჰექტარზე მეტი სასოფლო - სამეურნეო სავარგული დააზიანა. თითქმის მთლიანად განადგურდა ვენახები და ერთწლიანი კულტურები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგება გაეცნო. ლევან დავითაშვილმა

საგანგებო თათბირზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ზარალის ანაზღაურებისა და ფერმერების დახმარების საკითხზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, ფულადი კომპენსაციით ვერ დაეხმარებინ, თუმცა ქარხნებთან უკვე შედგა მოლაპარაკება, რომ დაზიანებული მოსავალი ჩაიბარონ.

"ზარალი დიდია. რა თქმა უნდა სამწუხაროა, როცა ასეთ მასშტაბურ სტიქიასთან გვაქვს საქმე. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება და ფერმერებმა ნაწილობრივ გადარჩენილი ყურძნის ჩაბარება შეძლონ. სწორედ ამიტომ დღეს საგანგებოდ შევიკრიბეთ რთველის შტაბში. აქ ესწრება ყველა მონაწილე მხარე, არიან კომპანიების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი. ჩვენ დავსახეთ სამოქმედო გეგმა. შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი იმ კომპანიებთნ, რომლებიც დაზიანებული ყურძნისგან სპირტის დამზადებას შეძლებენ. ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ ექნება.

ფერმერები დილიდან უკვე დაიწყებენ გადარჩენილი ყურძნის დაკრეფას. კარგი იქნება თუ აგროდაზვევით ისარგებლებენ ფერმერები და რაც უფრო მასშტაბური იქნება ეს, მით უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები იმოქმედებს. ჩვენ ყველა ფერმერს მოვუწოდებთ ნებისმიერ კულტურაში და განსაკუთრებით მევენახეებს, რომ აგროდაზღვევის ინსტრუმენტი ბოლომდე გამოიყენონ. ჩვენის მხრივ მუდმივად ვიქნებით კონტაქტზე, თუმცა ზარალის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურება ამ შემთხვევაში არ მოხდება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფერმერები მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მოსავალი სრულად განადგურებულია და სახელმწიფოსგან ანაზღაურებას მოითხოვენ.

"ქარხნები ჩაიბარებენო, რომ გვითხრეს, ვისაც სრულად გაგვინადგურდა, ჩვენ რა უნდა ვქნათ?! ამდენი ხარჯი გავწიეთ, მოყვანილი მოსავალი სულ გაგვინადგურდა. ვითხოვთ ფულად დახმარებს", - აცხადებენ დაზარალებული ფერმერები.

myquiz