თბილისის ქუჩები, რომლებიც გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ დააზარალა | Allnews.Ge

თბილისის ქუჩები, რომლებიც გუშინდელმა ძლიერმა წვიმამ დააზარალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 18 აგვისტოს, 22:21- საათიდან 02:00 საათამდე, ძლიერი წვიმის შედეგად 127 შეტყობინება შევიდა. ამის შესასხხებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა რამდენიმე მისამართზე განახორციელეს საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოები.

კერძოდ, წყნეთის ქუჩაზე მიწის საფარის ჩაინგრა, რამაც კედლისა და ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.

ქუთაისის ქუჩაზე დაიტბორა სკოლის პირველი სართული. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია.

პეკინის გამზირზე დაიტბორა მაღაზია. წყლის ამოტუმბვითი ღონისძიებები დასრულებულია.

მაყაშვილის ქუჩაზე - ამორტიზებული შენობის კედელი ჩამოინგრა. უწყების ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა დახმარება 70 ოჯახს აღმოუჩინეს.

თბილისში, ძლიერი წვიმის შემდეგ, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია უწყებაში არ შესულა.

ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე დაწესებული იყო მოძრაობაზე შეზღუდვები, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა შეზღუდვები მოხსნა.

დედალაქში მოსული ძლიერი წვიმის გამო გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში და უნივერსიტეტის ქუჩაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ამასთან, უწყების ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე გზებზე შეზღუდვები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მონიტორინგს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

myquiz