ზუზუ ბეჟაშვილის დედა - შეიძლება გული გაუსკდა, ნერვებისთვის რაღაც პრეპარატს იღებდა | Allnews.Ge

ზუზუ ბეჟაშვილის დედა - შეიძლება გული გაუსკდა, ნერვებისთვის რაღაც პრეპარატს იღებდა

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშილის დედა შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

თუმცა, ციალა ბეჟაშვილს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს. დედის თქმით, ოჯახისთვის უცნობია ისიც, მისი შვილის რომელი მეგობარი ცხოვრობს დოლიძის ქუჩაზე, სადაც შემთხვევა მოხდა.

"რომ მოვედი, მეგონა ეძინა. რაღაცაზე გავედი იქეთ და არ იყო. ეტყობა, ვინმემ დაურეკა. რა მოხდა, ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, მიუსწრებდნენ, თურმე პულსი ჰქონია ჯერ. არ ვიცი, დოლიძეზე ვინ ცხოვრობს. შეიძლება გული გაუსკდა, ვერ გეტყვით ვერაფერს. რაღაც პრეპარატს იღებდა, სახელი აღარ მახსოვს, ნერვებისას",- განუცხადა ციალა ბეჟაშვილმა "იბერიას".

კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის ვარაუდით, შესაძლოა, მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გულთან დაკავშირებული პრობლემით, კერძოდ, ინფარქტით იყოს გარდაცვლილი. ამის შესახებ მაია კაჭკაჭიშვილმა ჟურნალისტებს ზაზა ბეჟაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან განუცხადა, სადაც ცოტა ხანში გარდაცვლილის ცხედრის მისვენებას ელოდებიან.

"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ახლა მოვედი, გუშინ ვიყავი იქ, სადაც გარდაიცვალა, მაგრამ იქ რა თქმა უნდა, ვერაფერი შევიტყეთ, კრიმინალური სამსახური მუშაობდა. ახლა მოვედი სახლში, რაღაც ვერსიები არსებობს, რომ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა ძალიან გაუარესებული, მისი მამაც ადრეულ ასაკში გულით გარდაცვლილა და დიდი შანსია, რომ იყოს გულის პრობლემა. არ ვიცი, ნამდვილად, რაღაცის დამტკიცებას ვერ შევძლებ, ველოდებით ექსპერტიზას, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ იყოს ინფარქტი",- განაცხადა მაია კაჭკაჭიშვილმა.

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის მეგობრის, ვერიკო ტურაშვილის თქმით, გარდაცვლილს ის ინციდენტამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მოკლეტექსტური შეტყობინებების მეშვეობით ეკონტაქტა.

მისივე განმარტებით, პოლიციას ზაზა ბეჟაშვილის მეგობრები არ დაუკითხავს.

"ბოლოს ჩემთვის დაახლოებით ერთი საათით ადრე აქვს მოწერილი, "ძალიან მიყვარხარო", - აღნიშნა ვერიკო ტურაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, ვერიკო ტურაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, გარდაცვალებამდე მსახიობი ვისთან იმყოფებოდა.

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

myquiz