იხილეთ საქართველოში წარმოებული მედიკამენტები, რომლებიც გაყიდვიდან ამოიღეს | Allnews.Ge

იხილეთ საქართველოში წარმოებული მედიკამენტები, რომლებიც გაყიდვიდან ამოიღეს

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან სულ 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია.

კერძოდ, "ინტერპრესნიუსის" მიერ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე ყველაზე ხშირ შემთხვევაში საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებები გატარდა. კერძოდ, 157 შემთხვევაში საქართველოში, 102 შემთხვევაში უკრაინაში, ხოლო 90 შემთხვევაში პოლონეთში წარმოებული ფარმაცევტული საშუალების ბაზრიდან ამოღება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმოებულ და ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორისაა:

დიაზეპამი (აღრიცხვის წესში ხარვეზის გამო),

ვიტამინი B (შენახვის წესის დარღვევა),

ოფტან-დექსამეტაზონი (რომლის შენახვის წესი იყო დარღვეული),

მუკალტინი (ვადაგასული),

კოლინი (ვადაგასული),

გლემპიდი (ვადაგასული),

ადიპი (ვადაგასული),

ატენორიკი (ვადაგასული),

ბლესტარი (ვადაგასული),

სომნგამა (დარღვეული იყო აღრიცხვის წესი),

მაგიტუსი (პრობლემა დაფიქსირდა ასევე აღრიცხვის წესში),

ფენაზეპამი (დარღვეული იყო აღრიცხვის წესი),

პროტარგოლი (ვადაგასული),

ამტასი (შენახვის წესის დარღვევა) და ა.შ.

რაც შეეხება უკრაინაში წარმოებულ მედიკამენტებს, მათი უმეტესობის ჩამორთმევა შენახვის წესების დარღვევის გამო განხორციელდა.

პოლონეთში წარმოებულ მედიკამენტებს შორის კი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ ყველაზე ხშირ შემთხვევაში აღრიცხვის წესისა და სერიული აღრიცხვის წესის დარღვევა დააფიქსირა, რაც სულ 52-ჯერ გამოვლინდა. ამასთან, პოლონეთში წარმოებული მედიკამენტების შემოწმებისას ხშირი დარღვევები ცალკეულ შემთხვევებში სერიული აღრიცხვის წესს შეეხებოდა, რისი 41 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, დარღვევების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა აღრიცხვის წესს, რაც 23 შემთხვევაში გამოვლინდა.

რაც შეეხება მედიკამენტების დასახელებებს, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ სხვა ასეულობით მედიკამენტს შორის ისეთი ფარმაცევტული პროდუქციის ჩამორთმევა განახორციელა, როგორიც არის დიაზეპამი, ფენაზეპამი, ლორაფენი, კლონაზეპამი, სომნოგამა, რელანიუმი, ბაკლოფენი, ციკლოდოლი, გლუფერალი, მუკალტინის სიროფი, ტაზეპამი, კორსიზი, კორვალოლ C და ა.შ.

myquiz