რატომ ჩაიცვეს ქართველმა მოჭიდავეებმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის გამოსახულებიანი მაისურები? | Allnews.Ge

რატომ ჩაიცვეს ქართველმა მოჭიდავეებმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრის გამოსახულებიანი მაისურები?

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. ფოტოზე, რომელიც "რადიო თავისუფლებას" მიაწოდეს, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს - გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.

თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

როგორც მოგვიანებით "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ განუცხადა, "ჩვენ ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული, ეს არის მეგობრული ჟესტი".

"რუსეთის დროშის ფერებში არ ჩაგვიცვამს, ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული. ის არის ჩვენი ქვეყნის შვილი, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელი. ეს არის მეგობრული ჟესტი. გააჩნია რა მხრიდან დავანახებთ ამ ყველაფერს ხალხს. რომ დაგვენახებინა იმ კუთხით თუ როგორ უყვართ ქართველებს და ოსებს ერთმანეთი, ხალხი ასე დაიჯერებდა. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას და გვტკივა დაკარგული ტერიტორიები", - განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.

myquiz