"ოთახში ერთი ფანჯარაა, რომელიც მხოლოდ 15 სანტიმეტრზე იღება, საუზმე ერთფეროვანი" - როგორ აფასებენ უცხოელები Booking.com-ზე სასტუმრო "ველმონდს"? | Allnews.Ge

"ოთახში ერთი ფანჯარაა, რომელიც მხოლოდ 15 სანტიმეტრზე იღება, საუზმე ერთფეროვანი" - როგორ აფასებენ უცხოელები Booking.com-ზე სასტუმრო "ველმონდს"?

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდის") ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე "ველმონდში" სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

სასტუმროს ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ ხვალიდან "ლეოგრანდს" დახურავს.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა განაცხადა, "ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია".

"ნებისმიერ სასტუმროში მათთვის უნდა იყოს შექმნილი უსაფრთხო გარემო, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო საკითხები უნდა იყოს მოგვარებული. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ბიზნესისთვის არის ცუდი ფაქტი, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ ტურისტები ცხოვრობდნენ და ისვენებდნენ ისეთ გარემოში, სადაც უსაფრთხოების საკითხები მოუწესრიგებელია" - განაცხადა თამარ კაიკაციშვილმა.

საინტერესოა როგორ აფასებენ უცხოელი ტურისტები სასტუმრო "ველმონდს" და მომსახურების ხარისხს. Booking.com-ზე სასტუმროს შეფასების 10-ქულიანი სისტემიდან 8,5 აქვს. რაც შეეხება გამოხმაურებებს, Allnews.ge გთავაზობთ 2018 წლის ზაფხულში გაკეთებულ კომენტარებს მოკლედ:

ნატალია, რუსეთი

"სასტუმრო ველმონდი შორსაა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსგან. სასტუმროს არ აქვს არცერთი აივანი და ტერასა, ოთახის განიავება მხოლოდ ფანჯრის გაღებით ხდება. საუზმე არის ერთფეროვანი, ბევრი ცომეულით, ყველაფერი უგემური. სპა ცენტრმაც დიდი იმედგაცრუება გამოიწვია", - წერს ტურისტი და დასძენს, რომ ერთადერთი პოზიტიური რაც ამ სასტუმროში იყო, მიმღების თანამშრომლებია, რომლებიც კომპეტენტურები იყვნენ.

ალიონა, რუსეთი

"ხედი იყო საუცხოო, დღისითაც და ღამითაც. ახლოს იყო სანაპიროსთან. საუცხოოდ მოგვილოცეს დაბადების დღე".

ევგენი, იტალია

"მწირი და ერთფეროვანი საუზმე. ნომრის დასუფთავება ნამდვილად სიმბოლურად ხდებოდა. მე-14 სართულიდან შესანიშნავი ხედი იშლება ქალაქზე. პერსონალი სასიამოვნო იყო, დახმარებას ცდილობ დნენ".

ალექსანდრ, რუსეთი

"უსიტყვოდ ლამაზი სასტუმროა, თუმცა, დასვენებისთვის არჩევანი არაკომფორტულია".

ივანა, უკრაინა

"ოთახში მხოლოდ ერთი ფანჯარაა, რომელიც მხოლოდ 15 სანტიმეტრზე იღება, რაც ზაფხულში ნამდვილად უჰაერობას იწვევს, ჰაერის გამაგრილებელი სისტემა თუ გიშველის. როცა ჩავედით, ხალათები არ დაგვხვდა, შემდეგ მოვითხოვეთ და მოიტანეს", - წერს ივანა, თუმცა, ამბობს, რომ მოეწონა პერსონალი და გემრიელი აჭარული ხაჭაპური.

კიდევ ერთი რუსი ტურისტი ევგენი ამბობს, რომ არ მოეწონა საუზმე, ვინაიდან იყო ერთფეროვანი. არ იყო ხალათები, აუზში წყალი იყო ცივი და ღრმა.

ის ასევე საუბრობს ავტოპარკინგზე და ავტომობილების სამრეცხაოზე, რომელიც თავიდან უთხრეს რომ იყო უფასო, შემდეგ კი მანქანის გარეცხვაში 20 ლარი მოსთხოვეს. რაც შეეხება პლუსებს, ევგენის თქმით, ნომერში დახვდათ ხილი და ღვინო მათი ქორწინების წლისთავთან დაკავშირებით, ასევე პერსონალი იყო სასიამოვნო, ნომერი დიდი და ხედი შესანიშნავი.

myquiz