საჯარო სამსახურები და მომსახურების სფერო - "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის კონტროლს შესაძლოა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებაროს | Allnews.Ge

საჯარო სამსახურები და მომსახურების სფერო - "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის კონტროლს შესაძლოა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებაროს

"შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის კონტროლს შესაძლოა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებაროს. ამასთან, დღის წესრიგში დგას შრომის ინსპექციის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების საკითხი.

პარლამენტი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალ - ორგანულ კანონზე მუშაობს, რომლის ინიცირება და მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება. ახალი რედაქციის კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, შრომის უსაფრთხო პირობები და შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. შესაბამისად, უმრავლესობა ახალი, ორგანული კანონის მიღებას აპირებს.

პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის მარტში მიღებული "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის მოქმედების სფერო შეზღუდულია და ის მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, პროექტის მიხედვით, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ორგანული კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს მოიცავს.

"დღეს არსებული კანონი ისეთ სამუშაოებზე ვრცელდება, როგორიცაა მძიმე მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, ენერგეტიკა, ტარნსპორტი და ასე შემდეგ, სადაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მაღალი რისკებია. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, კანონის გავრცელების სფერო აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს. ეს იქნება საჯარო სექტორი, საჯარო სამსახურები, მომსახურების სფერო ანუ ეს კანონი ყველა ეკონომიკურ საქმიანობას მოემსახურება. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ცვლილება. გარდა ამისა, კიდევ ერთი ცვლილებება არის სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების უპირობო დაშვება. იმისათვის, რომ შრომის ინსპექცია გავაძლიეროთ, მივცეთ მას მეტი ავტონომიურობა და დამოუკიდებლობის შედარებით მაღალი ხარისხი, საჭიროა, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი მოქმედებების გადაწყვეტის საშუალება და არ სჭირდებოდეთ სხვა უწყებები, რომელიც ამის სანქცირებას მისცემს. ბუნებრივია, ისე არ იქნება, რომ ყველა ინსპექტორი, როცა მოუნდება, მაშინ შევა, მაგრამ ეს რისკების შეფასების სისტემიდან გამომდინარე მოხდება - სადაც მაღალი რისკია, იქ უფრო ხშირად, ხოლო სადაც დაბალია რისკი - იქ ნაკლებად. ეს იქნება შიდა გადაწყვეტილებით განსაზღვრული, თუ სად შევიდნენ და სად არ შევიდნენ. შემდგომში, როცა საწარმოს სანქცირების ან დახურვის საკითხი დადგება, შესაძლებელი იქნება სასამართლოს ჩართვა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში შეიძლება შევიდეს არა ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე, არამედ 2019 წლის 1-ელი სექტემბრიდან, რაც ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების ბოლო ვადაა. ორგანული კანონის პროექტის ინიციატორი პარლამენტი იქნება.

myquiz