ბათუმში, ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაციას ხვალ 18:00 საათამდე აქვს ვადა შენობიდან სტუმრების გასაყვანად | Allnews.Ge

ბათუმში, ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაციას ხვალ 18:00 საათამდე აქვს ვადა შენობიდან სტუმრების გასაყვანად

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდის") ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე "ველმონდში" (ყოფილ "ლეოგრანდში") სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

"გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის, კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა.

სამსახურის სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდნენ სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ახდენდნენ ინფორმირებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო „ველმონდის“ ადმინისტრაციამ დროულად მოახდინოს არსებული დარღვევების გამოსწორება.

როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას", - აღნიშნულია განცხადებაში.

სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი ლეოგრანდი) ადმინისტრაცია ითხოვს, ტურისტული სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება მისცენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ამზადებენ წერილს, რომლითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართავენ.

"სასტუმრო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება და სამართლებრივ ჩარჩოებს არ გაცდება. როდესაც გადაწყვეტილება აღსრულდება, მთავრობის შესაბამისი დადგენილება გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მივმართოთ თხოვნით თავად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სასტუმრო დაუშვან დროებით ექსპლუატაციაზე. ეს დოკუმენტი მზადდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში ახლა - ტურისტული სეზონის პიკში დახურვა, გამოუსწორებელი შედეგის მომტანი იქნება. არის შესაძლებელი, რომ დროებითი ექსპლუატაციის ნება მოგვცენ", - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

myquiz