ყაზბეგის მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანებით მიაწვდიან | Allnews.Ge

ყაზბეგის მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანებით მიაწვდიან

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყაზბეგის მოსახლეობას სასმელ წყალს წყალმზიდი მანქანებით მიაწვდის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 9 აგვისტოს ყაზბეგში, წარმოქმნილმა ღვარცოფმა წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი მნიშვნელოვნად დააზიანა, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა.

"დაბის მცხოვრებლებს სასმელ წყალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალმზიდი მანქანების საშუალებით უახლოეს საათებში მიაწვდის. ადგილზე მობილეზბულია შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები.

წყალმომარაგების აღდგენამდე, სასმელი წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მომარაგდებიან.

კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, კომპანია სათავე ნაგებობასა და მაგისტრალურ მილსადენზე სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს, რათა უმოკლეს დროში დაბა ყაზბეგის მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგეს", - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz