გორის დაბომბვას გადარჩენილი მოხუცი ქალის ისტორია, რომლის ფოტო მსოფლიომ იხილა | Allnews.Ge

გორის დაბომბვას გადარჩენილი მოხუცი ქალის ისტორია, რომლის ფოტო მსოფლიომ იხილა

არიან ადამიანები, რომლებმაც საქართველოს უახლოესი ისტორიის უმძიმესი დღეების მთელი საშინელება საკუთარ თავზე იწვნიეს, საკუთარი თვალით ნახეს ქუჩებში ჩამოცვენილი ბომბები, დაღუპული ადამიანები, ომი... წამყვანი უცხოური მედია 2008 წელს აგრესორი რუსეთის სახის წარმოჩენისას, სწორედ ლეილა კაკაშვილის ფოტოებს აჩვენებდა. ასე "მოიარა" მსოფლიო გორელმა ბებომ, რომელიც ქალაქის დაბომბვისას სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს...

იმ დროს მოხუცმა სახლ-კართან ერთად, ჯანმრთელობაც დაკარგა, მაგრამ ხელი არ ჩაუქნევია და სოციალური დახმარების გარეშე დარჩენილი მატარებელში ვაჭრობდა, რათა ოჯახი ერჩინა. სწორედ მატარებელში წააწყდა მას ჩემი მეგობარი. ომიდან წლების შემდეგ, ლეილა ბებო თავის ისტორიას გვიყვება:

"2008 წლის შემდეგ, სახლ-კარის გარეშე დავრჩით, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია - გორი-ხაშური-ბორჯომის მატარებელს დავყვები, ნაზუქსა და მზესუმზირას ვყიდი. ხანდახან ძალა რომ გამომეცლება, ვისვენებ, შემდეგ ისევ ვაგრძელებ... უსაქმოდ ყოფნას და სახლში ჯდომას მირჩევნია. ორი შვილი მყავდა, მაგრამ ვაჟი 41 წლისა დამეღუპა. ღვიძლი დაეშალა. ორი შვილი დარჩა - გოგონა და ვაჟი. კიდევ, ქალიშვილი მყავს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მასაც ორი შვილი ჰყავს და ორივე დაოჯახებულია" - ამბობს მოხუცი.

- 2008 წლის ომის დროს დაიჭერით, არა?

- კი, 9 აგვისტოს, გორის ერთ-ერთი დაბომბვისას ნამსხვრევები მომხვდა. თავის დროზე, შვილის ავადმყოფობის გამო კორპუსის ბინა გავყიდეთ და მაღალსართულიანი კორპუსების გვერდით, პატარა სახლში დავსახლდით... არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ის დღეები არასდროს დამავიწყდება. ცეცხლის ალსა და კვამლში გახვეული ქალაქი საშინელი სანახავი იყო. მუხლებმოკვეთილი ვიდექი და ვუყურებდი. სიკვდილის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობდი. მეზობლად მდგარ კორპუსში, რომელიც დაბომბეს, 8 ქალი დაიღუპა...

ქალიშვილმა დამირეკა და მთხოვა - ჩემთან გამოდიო... კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს. პირველი ბომბი "გორიჯვარში" (ასე ვეძახით აქაურები იმ ადგილს და სალოცავად დავდივართ) ჩამოაგდეს, შემდეგ კი ქალაქში შემოფრინდნენ.

ნოდარ ცხვირაშვილის ფოტო

ვინც სად შეძლო, იქ შეაფარა თავი... ახლაც თვალწინ მიდგას "პირდაღებული" შენობები და დაბომბილი, ნახევრად ან მთლიანად ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლები. დაღუპულ ადამიანებზე მძიმე შესახედავი არაფერია, მაგრამ პირდაფჩენილმა და გამოშიგნულმა სახლებმაც შემძრა... გრუხუნი კი მესმოდა, მაგრამ მაინც არ მეგონა თუ ბომბი ჩემს სახლსაც მოხვდებოდა. გზაში ნაცნობი შემომხვდა: კიდევ კარგი, ლეილა, გამოსული ყოფილხარ, შენი სახლი და გარშემო კორპუსები დაიბომბაო...

ვიდრე სახლამდე მივედი, ვინ იცის რამდენჯერ "მოვკვდი" გზაში. შორიდანვე დავინახე, ჩემს სახლს ცეცხლი ეკიდა... მეზობლად 60 ბინა ისე დაიწვა, ნემსიც არ გამოუტანიათ. როცა შენობა ჩამოინგრა, ვინატრე - ნეტა მეც ქვეშ მოვყოლოდი-მეთქი. ხალხი პანიკაში იყო. ამის შემდეგ ყველას თუ დაგვხოცავდნენ, თორემ, სხვა რაღა უნდა გაეკეთებინათ? აფეთქების ადგილას მე, ჩემი მეუღლე და ერთი მეზობლის კაცი დავრჩით. დაღუპულებს უპატრონოდ ვერ დავტოვებდით და როდესაც ყველაფერი ცოტა ჩაწყნარდა, ზოგი ბაღში დავასაფლავეთ, ზოგიც - სარდაფში. ამასობაში, სამაშველოც მოვიდა... პირველი დაბომბვისას, ჩვენს სამეზობლოში 13 ადამიანი იყო დაღუპული...

არ მახსოვს, ის ღამე როგორ გავათენეთ. გვეგონა, ამით გადავრჩით, მაგრამ 10 აგვისტოს ისევ გაისმა თვითმფრინავების ხმა. ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ჩავედით... მეორე დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ არც მაშინ გაურჩევიათ საცხოვრებელი კორპუსი და სხვა შენობები - გადაგვიფრინეს და ერთიანად ჩამოყარეს ბომბები. ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა - ზრიალი გაუდიოდა მთელ ქალაქს... ავეჯი კი არა, მთელი თეფშიც არ დარჩენილა, მაგრამ მაინც სახლი იყო და ადამიანს კი არა, ჩიტს უჭირს საკუთარი ბუდის მიტოვება და იმ გადაბუგულ სახლს ვერ ვშორდებოდით...

ჩემი ქმარი ომამდე, რამდენიმე წელი მუშაობდა სტადიონის დარაჯად, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს იყო და იქ შევაფარეთ თავი. მესამედ 12 აგვისტოს, დილის 06:20 საათზე ისევ დაგვბომბეს. იქაურობა ისედაც დანგრეული იყო და სულ მიწასთან გაასწორეს...

- ქალაქს უკვე რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ?

myquiz