"ერთ თვეში 12 მიტოვებული სახლი გაიყიდა" - როგორ ცდილობს ლეჩხუმელი ლექსო ჩარკვიანი სოფლების გაცოცხლებას? | Allnews.Ge

"ერთ თვეში 12 მიტოვებული სახლი გაიყიდა" - როგორ ცდილობს ლეჩხუმელი ლექსო ჩარკვიანი სოფლების გაცოცხლებას?

"დაკარგული სამოთხე" - ეს ის ფეისბუქ-გვერდია, რომლის დახმარებითაც უკვე არაერთმა ადამიანმა საკუთარი საზაფხულო კუთხე იპოვა. ამ გვერდზე ნახავთ ათობით სახლს, რომლებიც ფაქტობრივად მიტოვებულია და დაბალ ფასად იყიდება. რამდენიმე თვის წინ ლეჩხუმელმა ლექსო ჩარკვიანმა საქართველოს სოფლებში მიტოვებული სახლების "გაცოცხლების" კამპანია დაიწყო. სახლების ფასი 1500 ლარიდან იწყება. კამპანიის წინასწარ შედეგებზე allnews.ge იდეის ავტორს ესაუბრა.

"ეს კამპანია მთლიანად ენთუზიაზმზეა დაფუძნებული. მაკლერი არ ვარ და არც თანხასთან მაქვს რაიმე შეხება. უბრალოდ რაჭა-ლეჩხუმის სოფლებში ვეძებ და ვპოულობ მიტოვებულ სახლებს, შემდეგ მათ მეპატრონეებს ვუკავშირდები. მათ შესახებ საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის ან ცესკოს საიტზე ვაგროვებ. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ვტვირთავ, დანარჩენს კი გამყიდველი და მყიდველი თავად აგვარებს. ზოგიერთი სახლი და კარმიდამო იმდენი წლის მიტოვებულია, რომ მათი მფლობელების ადგილსამყოფელი არც მეზობელმა, არც რომელიმე თანასოფლელმა იცის.

''2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში" - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდება

რამდენად დიდია ინტერესი და გამოუჩნდა თუ არა რომელიმე სახლს მყიდველი?

ჩემთვისაც მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ინტერესი თურმე ძალიან დიდია, განსაკუთრებით თბილისელები და ემიგრანტი ქართველები აქტიურობენ. ერთი თვის განმავლობაში 12 სახლი გაიყიდა. ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევა, რომ მიწა რეგისტრირებული არ არის და შეძენის მსურველის პოვნის მიუხედავად, სახლის გაყიდვა ვერ ხერხდება. ეს ცალკე პრობლემაა. ჩემი ინფორმაციით, ყველაზე დაბალი ფასი ამ 12 სახლიდან 1500 ლარი დაფიქსირდა, ყველაზე ძვირი კი 6 ათასი დოლარი.

როცა სახლის გაყიდვასთან დაკავშირებით მფლობელს ურეკავთ, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება?

რა თქმა უნდა, ზოგი უბრალოდ ვერ ახერხებს შორეულ სოფლებში ჩასვლას, მოგეხსენებათ, საწვავი ძვირია და მიზეზიც რეალური. მაგრამ ზოგს არც არანაირი ინტერესი აქვს. წლები გადის, სახლებს, კარმიდამოს წვიმა და თოვლი თავის კვალს ატყობს. ერთი შემთხვევა მქონდა, როგორც იქნა მივაკვლიე სახლის მესაკუთრეს, გაირკვა, რომ ბოლო 38 წლის მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა. რამდენიმე დღე იფიქრა გაყიდდა თუ არა. ბოლოს დამირეკა და მითხრა, რომ ჩამოსვლას არ აპირებს, ურჩევნია დალპეს, ჩამოიქცეს სახლი და მაინც არ გაყიდის. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება არასწორია.

როგორი სახლები იყიდება ძირითადად?

მე მხოლოდ ხის სახლებზე მაქვს აქცენტი. აგარაკად რომ გამოდგება და ადამიანი ზაფხულის სიცხისგან თავის დაღწევას შეძლებს, ასეთი სახლებით ვინტერესდები. ზოგიერთი ისეთი სახლია, სულ ცოტა ხელის შევლების შემდეგ, შეხვალ და იცხოვრებ. უამრავი ადამიანია, რომელიც ქალაქში ცხოვრობს და აგარაკი ან სოფელი არ აქვს. ამდენი სოფელი კი დაცლილი და დაცარიელებულია.

myquiz