გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება | Allnews.Ge

გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება

გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებს ახალი გარემოსდაცვითი კონცეფცია "მწვანე ეკონომიკა" გააცნო.

მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესება. "2018 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო ავტოტრანსპორტის პერიოდული ინსპექტირების, რეფორმა, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტს მოიცავს. ეს გარემოზე ზემოქმედების, ასევე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავტოპარკის ტექნიკური შემოწმება. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, შესაბამისი ინიციატივის ფარგლებში კიდევ უფრო გამკაცრდება მოთხოვნები გამონაბოლქვის შემოწმების მიმართულებით.

ასევე, მინდა გაცნობით, რომ ბენზინსა და დიზელში დამაბინძურებელი ნივთიერების ნორმა დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტს. იცით, რომ ამ მხრივ გადავდგით ნაბიჯი. ვგულისხმობ ბენზინის მიმართულებაში სტნადარტის აწევას, მაგრამ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა გავრცელდეს დიზელის საწვავზეც. საქართველოში საკმაოდ მაღალია დიზელის მოხმარება. შესაბამისად, ჩვენი წინადადებაა, რომ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან უკვე გადავიდეთ ახალ სტანდარტზე, ავწიოთ სტანდარტი ევრო ოთხამდე, ხოლო 2020 წელს უკვე ის გავზარდოთ ევრო ხუთამდე, რაც გულისხმობს იმას, რომ ათჯერ შემცირდება გოგირდის შემცველობა იმ საწვავში, რომლის იმპორტირებაც დღეს ხდება საქართველოში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 2018-2019 წლებში მთლიანად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება. "ამასთან ერთად, ეტაპობრივად დავიწყებთ ელექტოავტობუსების შემოყვანის პროცესს. ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე უფრო ხელმისაწვდიმი და კომფორტული გადაადგილების საშუალება გახდეს. ამასთან, ჩვენი პოლიტიკა არ გულისხმობს მხოლოდ ახალი მოძრავი შემადგენლობის შემოღებას, აქ ჩვენ ამავე დროს, ვგულისხმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კომფორტულ და სწრაფ გადაადგილებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალელურად ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ ველობილიკებს შშმ პირებისა და ფეხით მოსიარულეთა ინფრასტრუქტურის გამართვის კომპონენტების ჩათვლით. აუცილებელია მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობისა და დაგეგმარებისას გავითვალისწინოთ გარემოსდაცვითი ასპექტები, განსაკუთრებული ყურადღბა მიექცევა როგორც ცენტრალური, ისევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება გარემოს დაცვით პოლიტიკაში გადადგამს, როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე, საერთო სტატეგიისა და საერთო ხედვის ნაწილი იქნება.

"ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავამკაცროთ გარემოსდაცვითი სტანდარტები და დავუახლოვოთ ის ევროპულ სტანდარტებს, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ

"მოგეხსენებათ, რომ დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ნორმებთან, თუმცა მომდევნო წლებში უფრო მკაფიო და კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების პრევენციის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის განვითარების თვალსაზრისით. ამ კუთხით, ჩვენ მართლაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა გვაქვს ურბანულ ქალაქებში და რაც უფრო დიდია ქალაქი, მით უფრო მწვავედ დგას, სამწუხაროდ, ეს პრობლემა. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია შიქმნას ატმოსფერული ჰაერის დაცვის ეფექტიანი პროგრამები ურბანული ქალაქებისთვის. თითოეულ სახელმწიფო უწყებას, მათ შორის, კერძო სექტორს, განესაზღვრება კონკრეტული ვალდებულებები და რეკომენდაციები იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ პირველი აგვისტოდან ქვეყანაში ვიწყებთ ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტის დანერგვას, რაც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების გამოყენებით", - განაცხადა ბახტაძემ.

myquiz