საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში მყოფი მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთში მყოფი მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელსუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საბერძნეთში, ტყის ხანძარს ეხება.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ამასთან, მინისტრი თანაგრძნობას უცხადებს საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

"შემძრა ინფორმაციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელსუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო",- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საბერძნეთში, ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან. აღსანიშნავია, რომ ქალაქ მატეში 11 დაღუპული აღმოაჩინეს, მათ შორის, ორი ბავშვია. ისინი სახლში იპოვეს.

myquiz