ყველაფერი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ - რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ ხელფასიდან ყოველთვიურად და ვისთვის იქნება სავალდებულო ჩართვა ამ სისტემაში? | Allnews.Ge

ყველაფერი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ - რამდენი ლარის გადახდა მოგიწევთ ხელფასიდან ყოველთვიურად და ვისთვის იქნება სავალდებულო ჩართვა ამ სისტემაში?

პარლამენტმა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო. მას საბოლოოდ ძალაში შესვისთვის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ კანონთა პაკეტი საპენსიო რეფორმის შემადგენელი ნაწილია, რომლის მთავარ მიზანსაც საქართველოში არსებული სოციალური სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.

გთავაზობთ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ დასმულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხს.

ვინ მიიღებს მონაწილეობას დაგროვებით საპენსიო სქემაში ?

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: დამსაქმებლებზე; საქართველოს მოქალაქეებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა; საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან/და მოქალაქეობის არმქონე პირებზე, გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;

ვისთვის არის სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა და ვის შეუძლია მონაწილეობაზე უარის თქმა?

დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, გარდა დასაქმებულისათვის, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი), შესაბამისად ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისათვის, რომელსაც კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი).

თითოეული დასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე ამ კანონის ამოქმედების შემდეგ პირველი ხელფასის მიღებისთანავე.

თითოეული თვითდასაქმებული ხდება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე კანონის ამოქმედებიდან მის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე. თითოეული თვითდასაქმებული დაგროვებით საპენსიო სქემაში წევრიანდება ნებაყოფლობით.

დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლამდე შეუსრულდა 40 წელი და არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლება აქვს გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. ამისთვის მან წერილობით უნდა მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გაწევრიანებიდან ხუთი თვის განმავლობაში, მაგრამ არანაკლებ სამი თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ.

დაგროვებითი საპენსიო სქემის იმ მონაწილეებს, რომელებიც უარს იტყვიან სისტემაში ჩართვაზე, მოგვიანებით კვლავ ექნებათ თუ არა სისტემაში მონაწილეობის მიღების უფლება?

დასაქმებულს, რომელიც უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, შეუძლია ნებისმიერ დროს თავიდან გაწევრიანდეს მასში. მონაწილის ხელახალი გაწევრებისას დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს საპენსიო შენატანების განხორციელება დაიწყება გაწევრებიდან ხელფასის პირველი გადახდისთანავე.

დასაქმებული მონაწილე, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო სქემაში შენატანების განხორციელებას და განაახლებს შეტანას ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ მონაწილე შეწყვეტს შენატანის განხორციელებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, ან ისეთი მიზეზით, როგორიცაა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის, ან დროებითი ან ხანრგძლივი შრომისუუნარობის გამო, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ ანგარიშზე.

თვითდასაქმებულ მონაწილეს, რომელიც შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას, შეუძლია ნებისმიერ დროს განაახლოს ის.
მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს მუდმივად დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი თანხის მიღება ერთიანი გადახდის მოთხოვნით ან პროგრამული გატანით. მოთხოვნა დაკმაყოფილდება, თუ მონაწილე წარმოადგენს სხვა ქვეყანაში კანონიერი მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს. ასეთ შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო ანგარიშიდან მისაღებ თანხას ჩამოეჭრება სახელმწიფოს მიერ მის სასარგებლოდ განხორციელებული შენატანის ღირებულება, ხოლო დარჩენილი მისაღები თანხის მოცულობა დაიბეგრება.

ვინ და როგორ ჩაურიცხავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს თანხას?

დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებული და თვითდასაქმებული პირებისთვის საპენსიო შენატანების დაფინანსება

განხორციელდება დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ.

დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე დასაქმებულის შენატანების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი სახით:

ხელფასის გაცემისას თითოეული დამსაქმებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით განახორციელებს შენატანს მასზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით.

დამსაქმებელი ასევე დასაქმებულის სახელით, მის საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2%-ს გადარიცხავს.

დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თვითდასაქმებული განახორციელებს შენატანს თავისი წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით.

სახელმწიფო მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს 2%-ს დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ 24 000 ლარს, ხოლო 1%-ს მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე 24 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.

სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს მონაწილის მიერ წლიურად დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება 60 000 ლარს.

საპენსიო სააგენტო არანაკლებ კვარტალში ერთხელ მიაწვდის თითოეულ მონაწილეს ინფორმაციას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მთლიანი აქტივების ღირებულების შესახებ, შენატანების თარიღების და საინვესტიციო ამონაგების მითითებით.

როგორ შეგვიძლია განვკარგოთ და როდის შევძლებთ მივიღოთ საპენსიო ანგარიშზე არსებულ თანხას

საპენსიო აქტივები, რომლებიც დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე იქნება, წარმოადგენს მონაწილის საკუთრებას. აღნიშნულ საკუთრებაზე განკარგვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას.

მონაწილის ქონებრივი უფლებები მის საპენსიო აქტივებზე არ შეიძლება დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება გადაეცეს მესამე პირს ან სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად.

მონაწილე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უფლებამოსილია, მიიღოს საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული საპენსიო აქტივის ღირებულების შესაბამისი მოცულობის თანხა მთლიანი თანხის ერთიანი გადახდის ან პროგრამული ყოველთვიური გატანის (პროგრამულად გასაცემი თანხის ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისათვის რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე გაყოფით) ფორმით.

საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, დაგროვილი თანხის ერთიანად გატანა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

1. თუ გახდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;

2. თუ ქვეყანა დატოვეთ და საცხოვრებლად გადახვედით სხვა ქვეყანაში;

3. მცირე პერიოდის განმავლობაში დაგროვებულია მცირე რაოდენობის თანხა.

მონაწილე, რომელიც გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვალდებულია წერილობით შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე და საპენსიო ასაკის მიღწევამდე არანაკლებ 30 დღით ადრე მოითხოვოს საპენსიო ასაკიდან პენსიის გადახდის დაწყება.

მონაწილე უფლებამოსილია, გადადოს პენსიაზე გასვლის თარიღი საპენსიო ასაკს მიღმა და დაიწყოს პენსიის მიღება ნებისმიერ დროს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მონაწილემ წერილობით უნდა შეატყობინოს საპენსიო სააგენტოს პენსიაზე გასვლის თარიღი არანაკლებ ასეთ თარიღამდე 30 დღით ადრე.

საპენსიო სააგენტო დაიწყებს პენსიის გადახდას მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან არაუგვიანეს 30 დღეში პენსიაზე გასვლის თარიღის შესახებ შეტყობინების მიღებიდან.

მონაწილეს უფლება აქვს, მიიღოს პენსია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება ასეთი სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

რა მოხდება საპანესიო ასაკამდე ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში

თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხები გადაეცემა მის მემკვიდრეს. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების გადატანით მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდით არჩევანის შემთხვევაში გასაცემი თანხა დაიბეგრება.

myquiz