"ტყვიის ორგანიზმიდან გამოდევნა რთულია" - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სისხლში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოგვაჩნდა და რა სიმპტომები აქვს მას? | Allnews.Ge

"ტყვიის ორგანიზმიდან გამოდევნა რთულია" - როგორ უნდა მოვიქცეთ თუ სისხლში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოგვაჩნდა და რა სიმპტომები აქვს მას?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ცალკეულ ჯგუფებში ჩატარებულმა მცირე კვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერი მატებაა 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 15%-დან 20%- ის ფარგლებში.

მისივე თქმით, შემოდგომაზე საქართველოს მასშტაბით ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდთან და იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტთან ერთად ჩატარდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელის, თამარ უგულავას განცხადებით კი, სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა 1500-მდე 2-დან 10 წლამდე ბავშვს ჩაუტარდება.

რა გზით ხვდება ორგანიზმში ტყვია და რა საფრთხეები ახლავს მას, ამ კითხვებით შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგს, ინგა ღვინერიას ვესაუბრეთ.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ორგანიზმში ტყვიის დასაშვებ ნორმად ჯერჯერობით მიღებული აქვს 10 მიკროგრამი დეცილიტრზე. საერთოდ შხამი ორგანიზმში ხვდება სამი გზით - საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ჰაერიდან სუნთქვის დროს და კანიდან. ამ შემთხვევაში ტყვია ხვდება სასუნთქი გზით და საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ტყვია თითქმის ყველაფერშია. ეს შეიძლება იყოს საკვები, სარემონტო მასალები, განსაკუთრებით საღებავები, კოსმეტიკური საშუალებები, ბავშვის სათამაშოები, მცირე რაოდენობით საწვავშიც", - აღნიშნავს ინგა ღვინერია.

ტოქსიკოლოგის თქმით, თუ ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მეტი აღმოჩნდება, პირველ რიგში ეს მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. როგორც ექიმი ამბობს, ეს არის შხამი, რომელიც გროვდება ორგანიზმში, მისი იქიდან გამოდევნა კი რთულია.

"გროვდება ძვალში, იქიდან აგდებს კალციუმს, ამის შედეგად კი ძვალი მსხვრევადი ხდება. ასევე ირღვევა ფერმენტაციული პროცესი და ჰემოგლობინი იკლებს. ყველაზე ხშირად შეიძლება იმ ადამიანებს აღმოაჩნდეთ ნორმაზე მეტი, ვინც მუშაობს წარმოებაში, მაგალითად აკუმულატორების, ფოლადების გამოდნობაზე, ქაღალდების წარმოებაზე, სამშენებლო მასალების წარმოებაზე".

რაც შეეხება ორგანიზმში ტყვიის ნორმაზე მეტის არსებობის დროს სიმპტომებს, ტოქსიკოლოგის თქმით, ნერვული სისტემის მხრივ სხვადასხვა გამოვლინებაა, მათ შორის, კუნთის ტკივილი, ძვლების ტკივილი. მისი თქმით, ეს დამოკიდებულია ორგანიზმსა და მის მგრძნობელობაზე.

კითხვაზე, როგორია ამ დროს მკურნალობა, ინგა ღვინერია პასუხობს, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად მნიშვნელოვანია სწორი კვება, იმ პროდუქტების მიღება, სადაც ტყვია ნაკლებად არის.

"როდესაც ბავშვს ტყვია ნორმაზე მეტი აღმოაჩნდება, მან უნდა მიიღოს კალციუმით, რკინით, ცილებით მდიდარი საკვები. არ შეიძლება ცხიმიანი საკვების მიღება, რადგან ცხიმი ტყვიას ორგანიზმში დიდხანს აკავებს. სამწუხაროდ, ტყვია ისეთ ფონს ქმნის, რომ მერე სხვა დაავადებები ადვილად ვითარდება. ვერ იტყვით, რომ ტყვიამ მოკლა ამდენი ადამიანი, მაგრამ სადაც ჰაერი, წყალი და საკვები დაბინძურებულია, იქ ავთვისებიან სიმსივნეს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასპირატორული დაავადებებს უქმნის ფონს. მსოფლიოში აღიარებულია, რომ ტყვია მავნე მეტალების ათეულში შედის, რომლებიც გარემოს ძირითად დამაბინძურებლად ითვლება".

ტოქსიკოლოგის თქმით, ტყვიის შემცველობის განსაზღვრა ბავშვებში ყურადსაღები იმიტომაა, რომ პატარების ორგანიზმი არ არის მზად, ებრძოლოს მავნე ნივთიერებას.
მისივე თქმით, ბავშვებთან ერთად ყურადღებით უნდა იყვნენ ორსულები, მოერიდონ ისეთ გარემოსა და საკვებს, რომელიც ტყვიით არის დაბინძურებული. ასევე მოერიდონ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას. პატარებს კი მოარიდონ ფერადი, ბრჭყვიალა და უხარისხო სათამაშოები.

"ბავშვებში ტყვიის ნორმაზე მეტი არსებობა იწვევს გონებრივი განვითარების შეფერხებას, მეტყველების უნარის შეზღუდვას, გაკვეთილების მიმართ უნარის დაქვეითებას", - ამბობს ინგა ღვინერია.

ექიმის თქმით, ბავშვებსა და ორსულებს სისხლში ტყვიის შემცველობა ხშირად უნდა შეუმოწმდეთ.

სისხლში ტყვიის შემცველობაზე კვლევა 1500-მდე 2-დან 10 წლამდე ბავშვს ჩაუტარდება

myquiz