რა ბედი ეწია კალაძის მიერ თავშესაფრიდან მერიაში გადაყვანილ ძაღლ ტიფანის? | Allnews.Ge

რა ბედი ეწია კალაძის მიერ თავშესაფრიდან მერიაში გადაყვანილ ძაღლ ტიფანის?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს რომ, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ თავშესაფრიდან გადაყვანილი ძაღლი ტიფანი, უწყების ეზოში იმყოფება.

"ეს ძაღლი ხომ გახსოვთ, ტიფანი, მერიამ რომ "იშვილა" და მერთან ერთად იჩითებოდა შეხვედრებზე? მერის სართულზე იცხოვრებსო, რომ დაგვპირდნენ. ქვევით გალიას და პატარა სახლს ხედავთ? და თეთრ ცუგას, სახლის გვერდით, ასფალტზე რომ წევს? აი ასე დასრულდა ტიფანისთვის მთელი ეს რომანტიულ-სენტიმენტალური პიარ-მარაზმი", - წერენ სოციალურ ქსელში.

საკითხზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დავუკავშირდით. როგორც უწყების ხელმძღვანელი, ვახტანგ ლომჯარია ამბობს, ძაღლი ისევ თბილისის მერიაში ცხოვრობს, ოღონდ, ძირითად დროს ეზოში ატარებს.

ვახტანგ ლომჯარიას თქმით, თითქმის 5 თვის განმავლობაში ტიფანი თბილისის მერის კაბინეტში გაიზარდა. როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი განმარტავს, იმის გამო, რომ ცხოველმა ჭირი გადაიტანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კახა კალაძეს თვითონ ურჩია, რომ ტიფანი ეზოში გადაეყვანათ.

"მერიის ტერიტორიაზე ტიფანის მოწყობილი აქვს ორი პატარა ეზო, შესაბამისად, ამინდის მიხედვით, გადაგვყავს შესაბამის ტერიტორიაზე ან ისევ კახის ოთახში ან მეოთხე სართულზე, დაცვასთან ერთად ბრუნდება. ტიფანი თავშესაფრიდან გადმოყვანის შემდეგ ფაქტობრივად, კახის კაბინეტში გაიზარდა და რომ არა კახის ინიციატივა, ტიფანი ფაქტობრივად ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდა, რადგან მას ჰქონდა ჭირი. ყოველდღე, დღეში ორჯერ ასეირნებენ და ამასთან ერთად კვირაში ორჯერ მასთან მუშაობს კინოლოგი. ტიფანის არ აკლია არც საკვები, არც წყალი და შესაბამისად სასურველია, რომ უფრო დიდი ტერიტორია და განსხვავებული რელიეფი ჰქონდეს, მაგრამ თბილისის რეალობაში ეს ყველაფერი რთულია და პირიქით, ჩემივე რჩევა იყო მერისთვის, რომ გადატანილი დაავადებიდან გამომდინარე, ცხოველის ეზოში გადაყვანა უკეთესი იქნებოდა", - განმარტა ლომჯარიამ.

myquiz