სამსახურები სახლიდან გაუსვლელად - როგორ გამოვიმუშავოთ ფული სახლში? | Allnews.Ge

სამსახურები სახლიდან გაუსვლელად - როგორ გამოვიმუშავოთ ფული სახლში?

მსოფლიოს მასშტაბით, სახლიდან მომუშავე თანამშრომლებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ ოფისში ჯდომის ნაცვლად სამუშაო სახლში შევასრულოთ და შესაბამისი ანაზღაურებაც მივიღოთ.

Allnews.ge წარმოგიდგენთ 10 საქმიანობას, რომელიც ქართულ ბაზარზეც მოთხოვნადი და ანაზღაურებადია.

რეპეტიტორობა

საქართველოში რეპეტიტორთან მომზადება მიღებული მეთოდია. დამატებით ნებისმიერ საგანში თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება. რეპეტიტორების ფასები მასწავლებლის დონის, საგნის და ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება. სკოლის მოსწავლის მომზადების შემთხვევაში ფასი დაახლოებით 50 ლარიდან იწყება, ხოლო აბიტურიენტი და სტუდენტი მინიმუმ 100 ლარია. მაგალითად, თუკი რომელიმე უცხო ენაში 5 აბიტურიენტს მოამზადებთ, თვეში შესაძლოა 500 ლარის შემოსავალი დააგროვოთ.

რა ჯდება საქართველოში სხვადასხვა საგნის რეპეტიტორებთან მომზადება?

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში, სკაიპით ან რომელიმე მსგავსი პროგრამის დახმარებით ჩაატაროთ. ეს მეთოდი პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოშიც ნელ-ნელა ვითარდება.

თარგმნა

ამ საქმიანობის დასაწყებად საკმარისია რომელიმე უცხო ენა მაღალ დონეზე იცოდეთ და თავისუფალი დრო გქონდეთ. დღეს სხვადასხვა სახის ტექსტების თარგმნის საჭიროება როგორც კომპანიებს, ასევე კერძო პირებსაც აქვთ. რაც შეეხება ანაზღაურებას, ფასი დამოკიდებულია, თუ რა სირთულისაა ტექსტი და რამდენად სპეციფიკური ტერმინებისგან შედგება. ერთი გვერდის თარგმნა - დაახლოებით 10-დან 25 ლარამდე მერყეობს.

ნამცხვრებისა და ტორტების გამოცხობა

ტორტების ბიზნესის წამოსაწყებად ოფისის დაქირავება და თანამშრომლების აყვანა არ გჭირდებათ. იმისათვის, რომ ამ საქმიანობით გარკვეული შემოსავალი მიიღოთ, მთავარია გემრიელი და ლამაზი ნამცხვრისა და ტორტის გამოცხობა იცოდეთ და შესაბამისი ინვენტარი გქონდეთ. ბევრმა თანამედროვე ტექნოლოგიებიც აითვისა და ტორტის მაღაზიებში ჩაბარების ნაცვლად შეკვეთებს ინტერნეტის დახმარებით იღებს. ტორტისა და ნამცხვრის ფასი ინდივიდუალურია და მის ზომასა და ვიზუალზეა დამოკიდებული.

მხატვარი, რომელიც საქართველოში 10 000 ლარიან ტორტებს აცხობს

სოციალური ქსელის ადმინისტრატორი

თანამედროვე მსოფლიოში სოციალური ქსელის ადმინისტრატორობა ძალიან მოთხოვნადია. ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორი თითქმის ყველა კომპანიას სჭირდება. ამ თანამდებობის დაკავება სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ.

ამ სამსახურის დადებითი მხარე ისაა, რომ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად რამდენიმე გვერდზე იმუშაოთ.

ბლოგერი

მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი ბლოგი არსებობს, წერენ - მოდაზე, სამზარეულოზე, პიარზე, ფოტოგრაფიაზე, ადამიანებზე და სხვა უამრავ თემაზე. საინტერესო ბლოგების წერის ან ვიდეოკონტენტის შექმნის შემთხვევაში თქვენ შეიძლება, მოკლე პერიოდში მოიპოვოთ პოპულარობა. ამ შემთხვევაში შემოსავლის მიღება შესაძლებელია, როგორც კომპანიებისგან, რომლებიც სარეკლამო მასალებს დაგიკვეთავენ, ასევე Youtube-დან.

ორივე შემთხვევაში რაც უფრო მაღალია თქვენი გვერდის რეიტინგი, მით მეტია შემოსავალი. ბლოგერს შეუძლია საიტზე სარეკლამო სტატიები დაწეროს, ან რომელიმე კომპანიის რეკლამა განათავსოს და ა.შ. ანაზღაურება ისევ და ისევ ბლოგის პოპულარულობაზეა დამოკიდებული.

გრაფიკული დიზაინერი

სანამ გრაფიკული დიზაინის თავისუფალი სამუშაოს შესრულებას შეუდგებით, გავლილი უნდა გქონდეთ პროფესიონალური კურსი და გაგაჩნდეთ შესაბამისი გამოცდილება. მოვალეობებში შედის - ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის შემუშავება, ვებბანერების დიზაინი, სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება, სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება და ა.შ. რაც შეეხება ანაზღაურებას, თუ გრაფიკულ დიზაინს მხოლოდ ერთი კომპანიისთვის ასრულებთ, ანაზღაურება 800-1500 ლარიც შეადგინოს. თუმცა შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთების მიღებაც, შესამისად ანაზღაურებაც შეიცვლება.

ფრილანსერი - ჟურნალისტი

თანამედროვე სამყაროში მიღებული ნორმაა, რომ მწერალი, ჟურნალისტი ოფისში აღარ ზის და თემაზე სახლიდან გაუსვლელად მუშაობს. ასეთი ტიპის სამუშაო საქართველოშიც ნელ-ნელა პოპულარული ხდება. აღსანიშნავია ასევე სარეკლამო სტატიები, რომელსაც სხვადასხვა კომპანია უკვეთავს და შესაბამისად, ანაზღაურებაც ბევრად მაღალია.

კორექტორი, ტექსტის აკრეფა

მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე მსოფლიოში კომპიუტერთან წვდომა თითქმის ყველას აქვს, ზოგიერთს ტექსტის აკრეფის ან დრო არ აქვს ან კიდევ სწრაფად ვერ კრეფს. შესაბამისად ამისათვის არიან ადამიანები, რომლებიც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ ამ სამუშაოს ასრულებენ. ქართული ტექსტის ერთი გვერდის აკრეფა მინიმუმ 50 თეთრი ღირს, ხოლო უცხო ენის აკრეფა 2 ლარია. რაც შეეხება დაწერილი ტექსტის კორექტირებას, მისი ფასი საშუალოდ, გვერდზე 5-6 ლარია.

კერვა

ეს პროფესია ახალი არ არის და ტექნოლოგიების განვითარებამდეც არსებობდა. მიუხედავად პროფესიის სიძველისა მასზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობდა. დღეს უამრავი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზია არსებობს, თუმცა ზოგიერთს სურს რომ ბანკეტზე თავისი მოფიქრებული დიზაინის კაბა ჩაიცვას, ან უბრალოდ ტანსაცმლის გადაკეთება სურს. ამიტომ მთავარია კერვა კარგად იცოდეთ და სახლიდან გაუსვლელად ანაზღაურების მიღებასაც შეძლებთ.

რა უცხოური ბრენდები იკერება საქართველოში და რამდენია მკერავების ხელფასი? - პრობლემები სამკერვალო ინდუსტრიაში

მასაჟისტი

ეს საქმიანობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროს მიეკუთვნება. მასაჟისტი სამედიცინო პერსონალია, რომელიც სამედიცინო რეაბილიტაციის ყველა ფაზაში მუშაობს. ამისათვის მთავარია გაიაროთ მასაჟისტის კურსები და აიღოთ სერთიფიკატი. რაც შეეხება ფასებს, ბავშვის 45 წუთიანი სამკურნალო და ჯანსაღი მასაჟის ფასი - 15-დან 25 ლარამდე მერყეობს. უფროსის მასაჟი კი - 20 ლარიდან 25 ლარამდეა.

myquiz