"WHO-ს კვლევა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით 2005 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა, როცა საქართველოში გასათბობად შეშას იყენებდნენ" | Allnews.Ge

"WHO-ს კვლევა ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით 2005 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა, როცა საქართველოში გასათბობად შეშას იყენებდნენ"

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მიხედვით პირველ ადგილზე იყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

კერძოდ, 2 წლის წინანდელი ანგარიშის მიხედვით, 1000 მოსახლეზე სიკვდილის 292 ფაქტი ფიქსირდებოდა. 2018 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით კი ეს საგანგაშო მონაცემები შეცვლილია. კერძოდ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო უკვე 70-ე ადგილს იკავებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა Allnews.ge-მ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, მარინა არაბიძეს შეაფასებინა.

არაბიძის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლევაში საზომად არა მხოლოდ ატმოსფერულ, არამედ შენობის შიდა ჰაერსაც იყენებდა, 2016 წლის კვლევა კი 2005 წლის მონაცემებს ეყრდნობოდა, როცა საქართველოში მოსახლეობის გაზიფიცირება მცირე იყო და მათი დიდი ნაწილი გასათბობად და საკვების მოსამზადებლად ისევ შეშას იყენებდა.

"მაშინ გაზი მხოლოდ მოსახლეობის 55%-ისთვის იყო ხელმისაწვდომი, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა იყენებდა შეშას, შესაბამისად, ეს მონაცემი იყო აღებული. ბუნებრივია, ჩვენ გვიჩნდებოდა შეკითხვები, რადგან იმავე კვლევაში, სადაც საქართველო სიკვდილიანობით პირველ ადგილს იკავებდა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით ჩვენი ქვეყანა 86-ე ადგილზე იყო, ხოლო შეშის მოხმარებით - 72-ე ადგილზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმუშავეთ იმაზე, რომ ამ მეთოდოლოგიის გადახედვა მომხდარიყო და როდესაც შესაბამისმა სამინისტროებმა ამ საკითხებზე იმუშავებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მიეწოდა ახალი მონაცემები და ინფორმაცია განახლდა სუფთა საჭმელთან მიმართებაშიც, რადგან დასახლებების უმეტესობა გაზიფიცირებულია და დღეს სუფთა საწვავის ხელმისაწვდომობა 78%-ია, რის შედეგადაც ახალ ანგარიშში საქართველო 70-ე ადგილზეა", - განმარტა მარინა არაბიძემ.

მისივე თქმით, 2016 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველო ჰაერის დაბინძურებით 86-ე ადგილს იკავებდა, შესაბამისად, ქვეყნისთვის სიკვდილიანობით პირველი ადგილის მინიჭება ბუნდოვანი იყო.

"რეალურად ნამდვილად არის ქვეყნები, სადაც ატმოსფერული ჰაერის კუთხით გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, თუნდაც ევროპაშიც, მეზობელ და აზიის ქვეყნებშიც. ასე რომ, რეალურად ჩვენი მაჩვენებელი არის შესაბამისი შემოსავლიანობის მქონე ქვეყნებს შორის ჰაერის დაბინძურების და სიკვდილიანობის კუთხითაც მათ შორის", - განმარტა მან.

მარინა არაბიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების პრობლემა ყველაზე მეტად დედაქალაქში დგას, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის თავმოყრილი.
"მაგალითად, ქალაქ თბილისისთვის უკვე არსებობს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამა, რომელიც ძალიან ბევრ ღონისძიებას მოიცავს, ეს არის საწვავის ხარისხის ეტაპობრივად გაუმჯობესება, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, რეკრეაციული არეალების გაზრდა და ა.შ. ასე რომ, ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რომელთან მიმართებაში მთავრობის დადგენილება არსებობს და იქ ისეთი ღონისძიებებია, რომლებიც ქალაქში ჰაერის ხარისხზე არა მარტო დადებითად აისახება, არამედ მათი შესრულება ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას ხელს მთლიანად საქართველოშიც შეუწყობს", - განმარტა მარინა არაბიძემ.

როგორც მარინა არაბიძემ აღნიშნა, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ისე სხვა პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან მუშაობა გრძელდება, ხოლო იმას, თუ რა შედეგი გამოიღო მათ მიერ გაწეულმა სამუშაომ, მომდევნო ანგარიში აჩვენებს.

myquiz