ვადაგასული სურსათის რეალიზაცია და პერსონალის პირადი ჰიგიენა - ძირითადი დარღვევები, რის გამოც საწარმოო პროცესი 247 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა | Allnews.Ge

ვადაგასული სურსათის რეალიზაცია და პერსონალის პირადი ჰიგიენა - ძირითადი დარღვევები, რის გამოც საწარმოო პროცესი 247 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა

ბიზნესოპერატორების გეგმური შემოწმებების შედეგად წინა წლებთან შედარებით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა გაზრდილია, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სურსათის ეროვნული საგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი მიქაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დარღვევებისა და სანქციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, საჯარიმო სანქციები გაზრდილია 28 პროცენტით, 42%-ით - საწარმოო პროცესის შეჩერება, ასევე 24 %-ით - გეგმური ინსპექტირების რაოდენობა, დარღვევები ძირითადად შეეხება ეტიკეტირებას, ვადაგასული სურსათის რეალიზაციას, ასევე რეცხვა-დეზინფექცირების პერსონალის პირად ჰიგიენას და სხვა.

გიორგი მიქაძის თქმით, სულ არასრული 6 თვის განმავლობაში მათმა სააგენტომ 247 ბიზნესოპერატორს შეუჩერა საწარმოო პროცესი.

მისივე განცხადებით, მათ გაწერილი აქვთ სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა, რომელიც წინა წელს დამტკიცდა, ასევე გაწერილი აქვთ გეგმური ინსპექტირების რაოდენობა და ის ბიზნესოპერატორები, რომლებიც დაქვემდებარებულნი არიან, მათ შემოწმებას.

მიქაძემ აღნიშნა, რომ სააგენტო არაგეგმურ შემოწმებებს ახორციელებს, რომელიც მოქალაქეების მიმართვიანობის საფუძველზე ხდება.

"ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით უფრო აქტიურდება ისეთი ბიზნესოპერატორების შემოწმება, როგორიცაა რესტორანი, სასადილო, კაფე, რომლებიც მრავალფეროვანი მენიუთი დიდი რაოდენობით მომხმარებლებს ემსახურებიან, მათ შორის, ტურისტებს. განსაკუთრებით გააქტიურებულია ამ მხრივ შემოწმებები აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, კახეთში", - განაცხადა მიქაძემ.

myquiz