რა უცხოური ბრენდები იკერება საქართველოში და რამდენია მკერავების ხელფასი? - პრობლემები სამკერვალო ინდუსტრიაში | Allnews.Ge

რა უცხოური ბრენდები იკერება საქართველოში და რამდენია მკერავების ხელფასი? - პრობლემები სამკერვალო ინდუსტრიაში

თითქმის ერთი წელია, 27 წლის ეკა მანაგაძე სამკერვალო ფაბრიკა "იმერში" მუშაობს. პროფესიით ფარმაცევტია, თუმცა საკუთარი პროფესიით მუშაობაზე იმერეთის რეგიონში არსებული დაბალი ანაზღაურების გამო უარი თქვა, საზღვარგარეთ წასვლასა და ორი მცირეწლოვანი შვილის მიტოვებას კი არჩია, ბედი სამკვერვალო ფაბრიკაში ეცადა.

როგორც თავად იხსენებს, სამკვერვალო საქმიანობასთან მანამდე შეხება არ ჰქონია, როდესაც ფაბრიკაში მივიდა, რამდენიმე თვეში ყველაფერი იქ შეისწავლა და საბოლოოდ კომპანაში დასაქმდა.

27 წლის ეკა მანაგაძე

"სამსახურს დილის 09:00 საათიდან ვიწყებ, ვმუშაობ უცხოური ბრენდებისთვის, ძირითადად, გერმანული და იტალიური კომპანიებისთვის ვკერავთ. ჩვენი შეკერილი ყველანაირად კონტროლდება და გერმანიაში ისე გადის, ადგილზე თვითონ გერმანელები ამოწმებენ. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული სამუშაო გვაქვს, დილით ადგომა და სამსახურში წასვლა მაინც არ მეზარება. საზღვარგარეთ წასვლას და იქ მუშაობას, სჯობს აქ ვიყო, ორი შვილი მყავს და როცა ვიცი, რომ თვის ბოლოს სახლში რაღაცას მივიტან, ძალიან კარგია", - აღნიშნავს ეკა Allnews.ge-სთან საუბარში.

"აწარმოე საქართველოში"-ს მხარდაჭერით საქართველოში სულ 9 სამკერვალო ფაბრიკა ფუნქციონირებს. ესენია:

შესაძლოა, რომელიმე უცხოური ბრენდის ტანსაცმელი, რომელსაც ატარებთ, საქართველოში იყოს შეკერილი. ვინაიდან უკვე 10 წელზე მეტია, რაც საქართველოში მსოფლიოში პოპულარული არაერთი ბრენდი იკერება.

რატომ ინტერესდებიან უცხოური ბრენდები საქართველოში ტანსაცმლის წარმოებით?

სამკერვალო კომპანია "იმერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაია სიმონიძის თქმით, უცხოური კომპანიები ქართულ ბაზარზე შემოსვლით იაფი მუშახელის გამო ინტერესდებიან, რის შედეგადაც წარმოებაში ნაკლებს ხარჯავენ.

"იმერი" ტანსაცმელს კომპანია "ლებეკისა" და "ეგერიისთვის" კერავს

"პროდუქცია იქმნება იქ, სადაც დაბალი ხელფასები და იაფი მუშახელია. საქართველოში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში, ჩინეთსა და აზიის ქვეყნებში დიდი რაოდენობით პროდუქცია იკერება. ჩვენთან მკერავების საშუალო ხელფასი 400 ლარიდან 500 ლარამდეა. ბოლო პერიოდში ჩინეთში ხელფასები გაიზარდა, თურქეთში ჩვენზე მაღალი ანაზღაურებაა, უკრაინაშიც ჩვენზე ოდნავ მეტია, სომხეთშიც ჩვენნაირად არის და შეიძლება, უფრო ნაკლებიც", - განმარტა მაია სიმონიძემ.

"იმერში" 480 ადამიანი მუშაობს, საიდანაც 320 მკერავია

კიდევ ერთი სამკერვალო ფაბრიკა, რომელიც ტანსაცმელს ცნობილი უცხოური ბრენდებისთვის კერავს, "აჭარა ტექსტილეა".

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი, გია ლომინაძე Allnews.ge-სთან განმარტავს, კომპანია შორტებსა და მაისურებს "პუმასთვის" 2008 წლიდან კერავს, ხოლო "ნაიკისთვის", "ნიუ ბალანსისა" და "ლოტოსთვის" უკვე ერთი წელია.

კომპანიას სამი ფაბრიკა აქვს, რომლებიც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში ფუნქციონირებენ. სამკერვალო ფაბრიკებში სულ 3 000 პირია დასაქმებული, რომლებიც წელიწადში 10 მილიონ ერთეულ პროდუქციას აწარმოებენ

რაც შეეხება ანაზღაურებას, გია ლომინაძის თქმით, თითქმის ისეთივეა, როგორიც სხვა ფაბრიკებში, "შეიძლება, ოდნავ უფრო მეტი" - აღნიშნა მან.

თუმცა, მისივე თქმით, ბათუმის რეგიონში კადრების მოძიება რთულია.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ტანსაცმელს უცხოური ბრენდებისთვის (DeFacto, Colin’s, Mavi და LC Waikiki) კერავს "ჯორჯიან ტექსტილია".

კომპანიის ფინანსური მენეჯერის, ნონა კაკაბაძის თქმით, პროდუქცია მთლიანად ექსპორტზე გადის, - "მთელი თვის განმავლობაში წარმოებული ტანსაცმლის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 300 000 - 350 000 ცალია".

რაც შეეხება მკერავების რაოდენობას, მისი თქმით, კომპანიაში დაახლოებით 260 მკერავია დასაქმებული, თუმცა ფაბრიკას კვალიფიციური კადრების მოზიდვა ძალიან უჭირს, მათი გადამზადება გარკვეულ პერიოდთან და ფინანსურ რესურთანაა დაკავშირებული, კადრების გადინება კი ძალიან მაღალია.

"კადრებისთვის სწავლებაში ძალიან დიდ შრომას ვდებთ, მაგრამ შემდეგ თავიანთი ოჯახური პირობების ან სხვა მიზეზების გამო სამსახურს ტოვებენ. როცა დედა გეუბნება, რომ ბავშვი ბაღიდან 18:00 საათზე უნდა გამოიყვანოს, იმიტომ რომ ბაღი იკეტება, ვერაფერს ვერ იტყვი, მაგრამ სამსახურიდან 17:00 საათზეც ვერ გაუშვებ, და აქედან გამომდინარე ეს ბარიერები გვაქვს" - აღნიშნა მან.

"ჯორჯიან ტექსტილში" დასაქმებული მკერავების ხელფასი 300 ლარიდან იწყება და მათი ხელფასი ბონუსური წესით იზრდება

ნონა კაკაბაძის განმარტებით, ბონუსის მოცულობა 5 ლარიდან იწყება და მკერავები, როგორც წესი, ყოველთვიურად, დაახლოებით 450 ლარს იღებენ, მეუთოვეებს კი უფრო მაღალი ანაზღაურება აქვთ, ყოველთვიურად დაახლოებით 500-600 ლარი.

ალბათ სწორედ დაბალი ანაზღაურებაა ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჭირს კვალიფიციური მკერავის დაქირავება საქართველოში. ეს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ევროკავშირის დახმარებით ჩატარებულმა კვლევამაც დაადასტურა.

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის შრომის ბაზრისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტი, ანა დიაკონიძე განმარტავს, რომ ვაკანსიის შევსებისას, არამხოლოდ სამკერვალო ფაბრიკებში, არამედ სხვა კომპანიებში სამი ძირითადი პრობლემა იკვეთება.

  1. პირველი - ითხოვენ გარკვეული პროფესიის კადრს და ასეთი კვალიფიკაციის ადამიანს უბრალოდ ვერ პოულობენ
  2. მეორე არის ის, რომ შეიძლება, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრი არსებობდეს, მაგრამ ეს კვალიფიკაცია დამსაქმებელს არ აკმაყოფილებდეს და მეტი სურდეს.
  3. მესამე შემთხვევაში კი შრომის ბაზარზე აპლიკანტები არსებობენ, მაგრამ მათ თვითონ არ სურთ კონკრეტული პოზიციების დაკავება, რისი მიზეზიც სამუშაო პირობები, ძირითად შემთხვევებში კი დაბალი ანაზღაურებაა.

"მაგალითად, ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა იმერეთსა და აჭარაში მკერავების ვაკანსიების შემთხვევაში. ვიცით, რომ აღნიშნულ რეგიონებში უცხოურ კომპანიებს სამკვერვალო ფაბრიკები აქვთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ანაზღაურება ძალიან დაბალია და ფაქტობრივად, იმერეთის რეგიონში გასული 6 თვის მიმდინარე და მომდევნო 6 თვის ვაკანსიებში რიცხობრივად პირველ ადგილზე სწორედ მკერავის ვაკანსიაა, თუმცა ამავდროულად ამ პოზიციის შევსება უჭირთ ან თუ ივსება, პოზიცია მალევე თავისუფლდება, რადგან ძალიან დაბალი ანაზღაურების გამო ადამიანები იქ მუშაობას არ თანხმდებიან", - განმარტავს სპეციალისტი.

მკერავის პოზიცია არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დაბალანაზღაურებადია. სწორედ ამიტომ უცხოური ბრენდები ძირითადად სწორედ ასეთ ქვეყნებში კერავენ ტანსაცმელს.

გასულ წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აზიის ქვეყნებში სამკერვალო ფაბრიკებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 200 დოლარზე ნაკლები იყო
myquiz