როგორ ახასიათებს ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის ოჯახს მისი მეგობარი | Allnews.Ge

როგორ ახასიათებს ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის ოჯახს მისი მეგობარი

ხადას ხეობაში სასტიკად მოკლული ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რაიან სმიტი საქართველოში აშშ-ის მხარდაჭერით, ხალიჩების ხელით დამზადების კულტურის აღდგენაზე მუშაობდა და კომპანია Rewoven-ს ხელმძღვანელობდა. როგორც მისმა მეგობარმა, თედ ჯონასმა Allnews.ge-ს უამბო, რაიან სმიტი მარნეულში დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

"მარნეულში ცხოვრობდნენ, ძველ საბჭოურ შენობაში, ზუსტად ისე, როგორც ადგილობრივები და არა როგორც უცხოელები, ვისაც ფული აქვს და კარგად ცხოვრობს. ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად, ხალხთან ერთად, ბრეჟნევის პერიოდის ძველ შენობაში. ზუსტად არ ვიცი, საქართველოში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტა. მე მას გასული წლის სექტემბერში შევხვდი და რამდენიმე თვის განმავლობაში ქვემო ქართლის რეგიონში ეკონომიკის განვითარებისა და სხვა საქმიან თემებზე ვეკონტაქტებოდი. ძალიან განათლებული იყო, თავი საქმისთვის ჰქონდა მიძღვნილი, ხალხისადმი ძალიან დიდი პატივისცემით გამოირჩეოდა", - აღნიშნა რაიან სმიტის მეგობარმა.

თედ ჯონასი იხსენებს, რომ რაიან სმიტი აზერბაიჯანულად გამართულად საუბრობდა, რაც მარნეულში ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

"განათლება კალიფორნიაში, "ბერკლის უნივერსიტეტში" მიიღო, ენა აზერბაიჯანში ისწავლა. რაიანის დახმარებით, ხალიჩები, რომლის დამზადების კულტურა შეიძლება, კავკასიასა და მსოფლიოში საუკეთესოა, მარნეულში ისევ მზადდებოდა. მისი ხელით შექმნა მხოლოდ მოხუცებმა იცოდნენ, რაიანის ჩართულობით კი ამას მათი შვილებიც სწავლობდნენ. მარნეულში, იმ სახლებში რომ მისულიყავით, სადაც ხალიჩებს ამზადებდნენ, ნახავდით, რომ ახალგაზრდა და ძველი თაობა ერთად იჯდა და ამ საქმეში იყო ჩართული",- აღნიშნა თედ ჯონასმა.

მისივე ინფორმაციით, რაიან სმიტი მოხუც ქალებს, რომლებიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ცხოვრობდნენ, ხალიჩების რეალიზაციაშიც ეხმარებოდა, ამას მომგებიან პროექტად კი არ აღიქვამდა, არამედ რაიანს სურდა, რომ წლების წინ მივიწყებული მნიშვნელოვანი ტრადიცია გაგრძელებულიყო.

ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის სოლიდარობის მიზნით აშშ-ის საელჩოსთან მოქალაქეებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. აშშ-ის საელჩოსთან გუშინ საღამოს რიგითი მოქალქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც მიიტანეს ყვავილები, სანთლები დაანთეს და ამ ფორმით ამერიკელი მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მწუხარება გაიზიარეს.

"მინდა ჩემი განსაკუთრებული სამძიმარი და გულისტკივილი გამოვხატო მომხდარზე. მინდა რაღაცნაირად სირცხვილი ჩამოვიშალო, რადგან ეს მოხდა საქართველოში და ჩემთვის ეს მტკივნეულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იმოქმედებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე. ეს არის ტრაგედია, რომელმაც ყველა ძალიან გვაზარალა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

ხადას ხეობაში მცხოვრებთა ინფორმაციით, 19 წლის მწყემსსა და რაიან სმიტს შორის ფიზიკური დაპირისპირება, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, რის შემდეგაც მან სმიტი მოკლა.

ამის შემდეგ, ადგილობრივების ინფორმაციით, მწყესმა ლორა სმიტზე ძალადობა სცადა, თუმცა, გაქცევისას ლორა სმიტი ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ, მწყემსმა მათი მცირეწლოვანი შვილი თოფით მოკლა, რადგან ბავშვი ტიროდა.

myquiz