შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო - პრემიერი სტიქიის ზონაში იმყოფება | Allnews.Ge

შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო - პრემიერი სტიქიის ზონაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში ჭუბერში გახსნილ საგანგებო შტაბში იმყოფება, სადაც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ეცნობა. მას ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი აწვდის.

სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. პრემიერი ისმენს ინფორმაციას განხორციელებულო სამუშაოებისა და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეფასებით, ჭუბერში შექმნილ ვითარებას ხელი ტყის უსისტემო ჭრამაც მნიშვნელოვნად შეუწყო.

"პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ.

ტყის უსისტემო ჩეხა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი. მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან", - განაცხადა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერის ხეობაში საკვების, წყლისა და მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველსაყოფად სრული მობილიზებაა.

"საგანგებო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში, ნალექის უხვად მოსვლამ გამოიწვია მდინარის ადიდება. 6 ხიდი არის წაღებული, ტექნიკა არის მობილიზებული და ახლა ველოდებით, რომ წლის დონემ დაიწიოს, რათა დავიწყოთ გზის აღდგენის სამუშაოები. რაც მთავარია ხეობაში უკვე გაკეთებულია ყველანაირი მობილიზაცია საკვების, სასმელი წლის და მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ უკვე გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი, რომელიც მოწყვეტილი იყო გარესამყაროს. ამ თვალსაზრისით რისკები აღარ არის, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები აგრძელებენ 24 საათიან მონიტორინგს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შეიძლება მესტიაში ჰესის მშენებლობის საკითხი გადაიხედოს, პრემიერმა აღნიშნა: "დასკვნა როდესაც დაიდება, თუ რას უკავშირდება მომხდარი, ამისდა მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას".

პრემიერის განმარტებით, სვანეთში მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჭიროა მთელი საქართველოს მასშტაბით გქვონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. ბახტაძის თქმით, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნული სისტემების დამონტაჟების მასტაბური პროექტი იწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები. სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა უახლოესი ლოკაციებიდან. საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია.

myquiz