რა ვითარებაა ჭუბერში ამ დროისთვის - კადრები სტიქიის ზონიდან | Allnews.Ge

რა ვითარებაა ჭუბერში ამ დროისთვის - კადრები სტიქიის ზონიდან

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. მთის მასის ჩამოშლის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები სვანეთში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გაიგზავნა დამატებითი სამაშველო ჯგუფები.

მდინარე ნენსკრა ამ დრომდე ადიდებულია და მისი კალაპოტში დაბრუნებისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსახლეობის ნაწილმა, რომელთა სახლები გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა, ღამე ნათესავების სახლში გაათენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მდინარე ნენსკრა კვლავ ადიდებულია. ჭუბერის მკვიდრის, გარი ჩხვიმიანის ინფორმაციით, მოსახლეობა, რომლის სახლებიც დაიტბორა, ევაკუირებულია.

"გუშინ მოსახლეობის დასახმარებლად მდინარის მეორე მხარეს გადავედი, რა დროსაც წყალმა ხიდი წაიღო. საღამოს დავბრუნდი სახლში. იმ ერთადერთი ხიდით გადმოვედი, რომელიც დარჩა სოფელში, დანარჩენი, რაც ხიდი იყო, აღარ არსებობს. ახლა მუშაობს ტექნიკა, გზებზე ქვიშას აყრიან. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ჭუბერის დასაწყისიდან დასასრულამდე. ახლა შედარებით სტაბილური სიტუაციაა, წუხელ ბევრი არ უწვიმია და ამან გადაგვარჩინა, თუმცა, დღესაც მოღრუბლულია", - განაცხადა გარი ჩხვიმიანმა.

ჭუბერში, სადაც სტიქია მძვინვარებს, დაახლოებით 5 კრიტიკული წერტილია, - ამის შესახებ " ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ტექნიკა და მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი.

ხვადაგიანის განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენი, თუმცა მისი ჩართვის აუცილებლობა ამ დროისთვის არ დგას.

რაც შეეხება მოსახლეობის მდგომარეობას, ალექსანდრე ხვადაგიანის ინფორმაციით, სტიქიის გამო 6 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებმაც თავი ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლებს შეაფარეს. მისივე განმარტებით, სტიქიის გამო არავინ დაშავებულა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150 მაშველი მონაწილეობს.

"ამ დროისთვის ადგილზე, დაახლოებით, 5 კრიტიკული წერტილია. სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ძალები. სიტუაცია კონტროლზეა აყვანილი. სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, იქ ჩვენი მეხანძრე-მაშველები იცავენ მუშა პროცესის უსაფრთხოებას. ასევე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს წყლის დონის მატება-კლებასთან დაკავშირებით მონიტორინგი.

ხეობაში, სტიქიის ადგილიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში, ხიდზე ჩვენი მაშველები დგანან, რომლებიც აკონტროლებენ წყლის დონის მატებას და კლებას. მატების ან კლების შემთხვევაში შეტყობინება მყისიერად გადმოიგზავნება. არსებობს იმის დრო, რომ მოხდეს ტექნიკის უსაფრთო ადგილზე გადაყვანა. რაც შეეხება კონკრეტულად წყლის დონის მომატების მოლოდინს, ამის მოლოდინი არ გავქვს, თუმცა მაინც ვერაფერს გამოვრიცხვთ და შესამამისად, მზად ვართ ყველანაირად. ევაკუირებულმა მოსახლეობამ ღამე ალტერნატიულ საცხოვრებელ სახლში გაათენა. ვითარება, რომ ვინმეს საველე პირობებში გაეთენებინა ღამე, არ გვქონია", - განაცხადა ხვადაგიანმა.

მისივე თქმით, ადგილზე ყველა საჭირო ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენიც მობილიზებულია.

"თუ გახდება ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება, ასეთ შემთხვევაში ვერტმფრენი მზად არის. თუმცა ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის. ვერტმფრენი სვანეთშიც არის და ბაზაზეც არის. ამინდი ნორმალურია, ღამის განმავლობაში წვიმდა, ახლა კი დასტაბილურდა ვითარება და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - განაცხადა ალექსანდრე ხვადაგიანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ნენსკრას ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამთავრობო შტაბში იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, სპეციალისტების განმარტებით, მდინარე ნენსკრაზე და მის შენაკადებზე ადგილი ჰქონდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური პროცესების ( უხვი ატმოსფერული ნალექი, წყალდიდობა, დატბორვა, მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა, ნაპირების გარეცხვა) თანხვედრას.

"სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ინფრასტრუქტურული ობიექტები (ხიდები, გზები შენობა ნაგებობები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები) სტიქიის ზონაში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს სტიქიის გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, რის თაობაზეც ეცნობება საზოგადოებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

myquiz