პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას სამი ტყვია ფეხში აქვს მოხვედრილი. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში წუხელ მეგობრებმა მიიყვანეს. გოგოჭურს ოპერაცია ჩაუტარდა.
მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა იგი ჯერჯერობით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა ტრავმატოლოგმა, ვაჟა კახნიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
"ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა ორივე ბარძაყის და ასევე გამჭოლი ჭრილობები წვივების შუა მესამედში. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, ინსტრუმენტული კვლევები, აღენიშნება დიდი წვივის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა. ქირურგიულ და ტრავმატოლოგიური ბრიგადის მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება", – განაცხადა ექიმმა ტრავმატოლოგმა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა გახდა მათი ოჯახის წევრის, მინიდია გოგოჭურის დაჭრის მოტივი.
როგორც ანა მარგველაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით მედიით გაიგო.
"საერთოდ არ ვიცი, რა მოხდა. მომხდარზე გუშინ ღამე ჟურნალისტისგან გავიგე ინფორმაცია. არ ვიცი, ვინმესთან თუ ჰქონდა კონფლიქტი, არ გამიგია. ამის თაობაზე ჯერ არც მინდიასთან მისაუბრია", - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.