C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - "ჩვენ დავამარცხეთ C" - ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელიმინაციის პროგრამამ პაციენტებს არა მხოლოდ C ჰეპატიტისგან განკურნების, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება მისცა. ასოციაციის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, ჩაიტარონ უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე და საჭიროების შემთხვეაში, არ გადადონ მკურნალობაში ჩართვა.

"C ჰეპატიტისგან განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - "ჩვენ დავამარცხეთ C" ეხმიანება მცირე ხნის წინ გავრცელებულ უპასუხისმგებლო განცხადებას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის მხრივ უკედურესად მძიმე მდომარეობაში მყოფნი, ერთ-ერთი პირველები ჩავერთეთ ამ უპრეცედენტო პროგრამაში და ჩავიტარეთ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა.

ამ პროგრამამ მოგვცა არა მარტო C ჰეპატიტისგან განკურნების, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად დაბრუნების საშუალება. საქართველოში, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი ადამიანია, მათ შორის, ჩვენი ახლობლებიც, რომელთაც ესაჭიროება მკურნალობა და მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა შეაფერხოს მათი პროგრამაში ჩაბმა, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება მათი ჯანმრთელობისთვის.

როგორც ჩვენი, ასევე ჩვენთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი ყოფილი პაციენტების სახელით, გვინდა განვაცხადოთ, რომ გავრცელებული დეზინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაციის დემონსტრირება. მსგავსი ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს იმ უმნიშვნელოვანეს პროცესზე, რასაც ჰქვია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია.

ასოციაციის სახელით, მოვითხოვთ ამ დეზინფორმაციის ავტორმა წარმოადგინოს შესაბამისი კვლევები, რომლებიც დაადასტურებს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილეს.

რაც მთავარია, მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ აჰყვეს მსგავს პროვოკაციებს, ჩაიტაროს უფასო სკრინინგი C ჰეპატიტზე და საჭიროების შემთხვეაში, არ გადადოს მკურნალობაში ჩართვა", - ნათქვამია განცხადებაში.

myquiz