ადიდებული მდინარე ნენსკრა და ჩამოშლილი მთის ნაწილი - რა ხდება ჭუბერში?
არსებული ინფორმაციით, ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რათა ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს.

ფოტოებს სოციალურ ქსელში ხატია მიქიანი ავრცელებს
ხოლო, როგორც ჭუბერის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ნინო ვიბლიანმა განაცხადა, ჭუბერის ხეობა თითქმის მთლიანად არის მოწყვეტილი გარესამყაროს.
მისივე თქმით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან როცა მთა მოწყდა, ყველა გავაფრთხილეთ და საცხოვრებელი სახლები დატოვეს.
"10 თემი, ჭუბერის მთელი ხეობა არის მოწყვეტილი გარესამყაროს, ჩვენი ინფორმაციით, ხუთი ხიდია წაღებული. მოსახლეობის ევაკუაცია უკვე მოვახდინეთ. წაღებულია მდინარის კალაპოტის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობები. ახლა მე ვიმყოფები სოფელ ჭუბერის ცენტრში, სადაც მდინარე გზის სავალ ნაწილზე მოედინება. ველოდებით მაშველებს, რომლებსაც სიტუაციის შესახებ ვაცნობეთ და ჩვენკენ მოდიან", - განაცხადა ვიბლიანმა.
მისივე თქმით, მთის ჩამოშლა სავარაუდოდ გუშინ ღამით მოსულმა ნალექმა განაპირობა და ნენსკრაჰესის მშენებლობა ამასთან არაფერ შუაშია.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირ კავშირში ეს ყველაფერი ჰესის მშენებლობასთან არ არის. გუშინ იყო წვიმა და მოწყდა მთის გარკვეული მასა, რომელმაც ჩახერგა მდინარე, რომელიც შემდეგ ერთბაშად წამოვიდა", - განაცხადა ვიბლიანმა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე წლის დონემ მცირედით დაიკლო, თუმცა ის კვლავ გზის სავალ ნაწილზე მიედინება და არა კალაპოტში.