რომელი იყო ყველაზე ცხელი დღე წელს საქართველოში? | Allnews.Ge

რომელი იყო ყველაზე ცხელი დღე წელს საქართველოში?

მიმდინარე ზაფხულს ყველაზე მაღალი ტემპერატურა - 40 გრადუსი თბილისში, მარნეულში, დედოფლისწყაროსა  და ლაგოდეხში 1 ივლისს დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განმარტებით, 1 ივლისს მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა დასავლეთ საქართველოშიც, კერძოდ, ამბროლაურსა და დანარჩენ მთიან რაიონებში, სადაც 36-37 გრადუსი დაფიქსირდა.

"ტემპერატურის მატება ივნისის თვის ბოლო დღეებში შეიმჩნეოდა. პირველ ივლისს მაქსიმალური ტემპერატურა დაფიქსრიდა აღმოსავლეთ საქართველოში - 40 გრადუსი, კერძოდ, თბილისში, მარნეულში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ შავი ზღვის დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები მოქმედებს, ამიტომ სანაპირო რაიონებში, ბათუმში ფიქსირდებოდა 31 გრადუსი, ქობულეთში 32 და ზუგდიდ-ქუთაისში 33 გრადუსები.

მაღალი იყო ტემპერატურა ამბროლაურში და დანარჩენ მთიან რაიონებში, კერძოდ, 36-37 გრადუსი. ცხელოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც. 35 გრადუსი დაფიქსირდა დუშეთში. აგრეთვე მაღალი ტემპერატურა იყო მაღალმთიან რაიონებში, წალკასა და ახალქალაქში - 30 გრადუსი, ბაკურიანში დაფიქსირდა 26 გრადუსი სითბო, ეს მაღალმთიან რაონებში მაღალ ტემპერატურას ნიშნავს" - განმარტა დოდო გვაზავამ.

სინოპტიკოსის თქმით, აღნიშნულ რაიონებში მაღალი ტემპერატურა 3-4 ივლისსაც შენარჩუნდება, გარდა ამისა, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 40 გრადუსი სიცხე შესაძლოა, გორის მიდამოებშიც აღინიშნოს.

myquiz