გამოაცხადეს, რომ "ვიზეარის" იმ თვითმფრინავით უნდა გავფრინდეთ, რომელსაც ტექნიკური პრობლემები ჰქონდა - რას ყვება ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის მგზავრი | Allnews.Ge

გამოაცხადეს, რომ "ვიზეარის" იმ თვითმფრინავით უნდა გავფრინდეთ, რომელსაც ტექნიკური პრობლემები ჰქონდა - რას ყვება ავარიულად დაშვებული თვითმფრინავის მგზავრი

ქუთაისიდან დორტმუნდში კომპანია "ვიზეარის" ავიარეისით მიმავალი ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, მათ გამოუცხადეს, რომ იმ თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყვნენ, რომელსაც ტექნიკური პრობლემები ჰქონდა.

როგორც მგზავრმა ამბები.გე-ს განუცხადა, ზოგიერთი მგზავრი თანახმაა, იმავე თვითმფრინავით გაფრინდეს, თუმცა ნაწილს გარისკვის ეშინია.

"რეისი დილის 06:10 საათზე უნდა შესრულებულიყო. თვითმფრინავი გავიდა ბილიკზე, დაიძრა, აიღო სიჩქარე, მგონი ჰაერშიც აიწია და უცებ მკვეთრად დავარდა ძირს. დაიწყო პანიკა მგზავრებში, გამოვიდნენ გამცილებლები და გვითხრეს, რომ ტექნიკური შეფერხება იყო და სავარაუდოდ, მალე მოგვარდებოდა. თუმცა, მალევე გვითხრეს, რომ მოადგამდნენ კიბეს და პანიკის გარეშე უნდა დაგვეტოვებინა თვითმფრინავი. ბორტზე დამწვრის სუნი ვიგრძენით და როცა ვერტმფრენიდან ჩამოვედით, კვამლიც შევნიშნეთ.

სხვადასხვა ვერსიები გვესმოდა, მათ შორის საწვავი ჟონავდაო, მაგრამ საწვავი რომ ყოფილიყო ალბათ, ავფეთქდებოდით. უკვე სამ საათზე მეტია ვიცდით აეროპორტში, მე დორტმუნდში გადაჯდომა მიწევდა, მაგრამ უკვე დავაგვიანე ჩემს რეისზე. ასეთი ბევრია. ეს პერიოდი, რაც ვიცდით, თვითმფრინავის შეკეთება მიმდინარეობდა, ახლა მოვიდნენ და მგზავრებს გამოგვიცხადეს, რომ იმავე თვითმფრინავით გვიშვებენ, რომლითაც ლამის ჩამოვვარდით. მგზავრების ნაწილს უნდა, რომ გაფრინდეს, თუმცა მეორე ნაწილს გარისკვა არ უნდა, შიშობენ, თვითმფრინავს ცაშიც არ შეექმნას პრობლემა", - განაცხადა "ვიზეარის" მგზავრმა.

"ვიზეარის" თვითმფრინავი, რომელიც დორტმუნდის მიმართულებით მიფრინავდა, ქუთაისის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

myquiz