რამდენი პაციენტი მოხვდა წელს მზით დამწვრობის გამო სტაციონარში?
ზაფხულის სეზონზე თბილისში დამწვრობის ცენტრმა მზით დამწვრობის გამო სამედიცინო დახმარება 50 პაციენტს გაუწია, საიდანაც ყველაზე პატარა 14 წლის, ხოლო ყველაზე ზრდასრული 22 წლის იყო.
როგორც Allnews.ge-ს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტებიდან 10 მათგანი სტაციონარში მოთავსდა, დანარჩენს კი ამბულატორიული მკურნალობა გაეწია.
"ამჟამად 4 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სტაციონარში რჩებიან, 6 პაციენტი კი უკვე სახლში გაეწერა",- აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
რაც შეეხება ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობის შემთხვევებს, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე ასეთი ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა პაციენტმა ლეღვის ნახარში მეზობლის რჩევით არა რუჯის მიღების, არამედ პოდაგრის მკურნალობის მიზნით გამოიყენა, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო. გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.